სახალხო დამცველი პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ მუქარას ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ გამართული აქციები და მუქარის შემცველი განცხადებები ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ნიშნებს შეიცავს. ნინო ლომჯარიას უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე გამოძიების დროულად დაწყებისაკენ მოუწოდა.
ომბუდსმენის თქმით, შსს-მ სათანადო ზომები უნდა მიიღოს რადიოს თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მუქარის შემცველი და პირის მიმართ ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება. ნინო ლომჯარიას უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, ქვეყნის კანონდებლობა დაიცვან.
სახალხო დამცველის თქმით, სათემო რადიოს წინააღმდეგ პანკისში 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს გამართულ აქციების მონაწილეებმა რადიოსა და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარა გააჟღერეს. ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ „მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით, 5 სექტემბერს პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად ხეობაში დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები გააუქმა“.
პანკისის სათემო რადიომ აქციის ორგანიზებისთვის ბრალი მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებასა“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დასდო. რადიოს წამყვანმა ლუიზა მუთოშვილმა Civil.ge-ს რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ მათ საქმიანობას მთავრობის პოლიტიკისადმი კრიტიკული მაუწყებლობის გამო აპროტესტებენ.
- RSF შეშფოთებულია პანკისის რადიოს წინააღმდეგ მუქარებით
- მედიის კოალიცია შსს-ს პანკისის რადიოს დარბევის მუქარის საკითხზე მიმართავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)