რუსული სამხედრო წვრთნები „კავკაზ-2020“ აფხაზეთსა და ცხინვალშიც გაიმართება
21-26 სექტემბრისთვის დაგეგმილი რუსული სამხედრო წვრთნები „კავკაზ-2020“ სხვა ადგილებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც გაიმართება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ჩართული იქნება 8 000-ზე მეტი არტილერისტი, 3 000-ზე მეტი ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 8 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ „დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში ცხრა სახელმწიფოს სამხედრო კონტიგენტი მიიღებს მონაწილეობას, ასევე ცხრა ქვეყანა კი სამხედრო დამკვირვებლებს გამოაგზავნის“.
რუსეთის თავდაცვის უწყებამ 8 სექტემბერსვე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, აფხაზეთში, წებელდას მთიან პოლიგონზე გამართულ ტაქტიკურ სწავლებაში რუსული სამხედრო ბაზის საარტილერიო, მოტომსროლელთა და სადაზვერვო შენაერთებიდან 1 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ორი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ორივე ბაზა – მე-7 აფხაზეთში და მე-4 ცხინვალში – სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია.
თბილისს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ხელმძღვანელობით გამართული წვრთნების გამო. „ამ ტერიტორიებზე ყოველწლიურად 130 სამხედრო წვრთნა ტარდება, რაც მათ, განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთს, რომლის ამჟამინდელი მოსახლეობაც 20 000-ია, ფაქტობრივად, მთლიანად [რუსეთის] სამხედრო ბაზის გაგრძელებად აქცევს,“ – განაცხადა იანვარში მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)