პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას გმობს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 სექტემბრის გვიან საღამოს გავრცელებული განცხადებით რუსულ მედია პორტალზე Gosnovosti განთავსებული დეზინფორმაციული სტატია დაგმო და მას „საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ მორიგი ფეიკნიუსი“ უწოდა.
რუსულ პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიაში – „საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს“ – საუბარია არარსებულ და გამოგონილ წერილზე, რომელიც თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხინასმა მისწერა.
სტატიას თან ერთვის ფოტო გამოგონილი წერილისა, რომელშიც სხინასი საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილთა ბანაკის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. არარსებული წერილის თანახმად, ზურაბიშვილი ბანაკების აშენებასა და მუშაობაში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვის ინიციატივით გამოდის.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, სტატიში მოყვანილი წერილი ყალბია.
„რუსული ფეიკნიუსები კვლავ ავრცელებენ დეზინფორმაციას საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის უნდობლობის დათესვის მიზნით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.
მისი თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით რუსული მხარე ასევე ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში გააჩინოს უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები და შექმნას ცრუ საფრთხის მოლოდინი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების მხრიდან.
პრეზიდენტმა საქართველოს პარტნიორებს ევროკავშირში მოუწოდა „მკაცრად დაგმონ რუსული მხარის აღნიშნული პროვოკაციული მცდელობები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეშლას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)