ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელად ნატალია ვუტოვა დაინიშნა. ვუტოვა ამ პოსტზე კრისტიან ურსეს შეცვლის, რომელსაც ხსენებული თანამდებობა 2015-20 წლებში ეკავა.

ახალი თანამდებობის დაკავებამდე ნატალია ვუტოვა 2015-20 წლებში ერევანში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელად მსახურობდა.

ვუტოვას ევროპის საბჭოსა და ეუთოში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. მას ადამიანის უფლებათა და სამართლებრივი რეფორმების პროექტებზე სომხეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში უმუშავია.

მანამდე იგი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იყო უკრაინაში (2007-09 წწ.), ხოლო 2002-04 წლებში – ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში. ვუტოვა ასევე თანამშრომლობდა „Médecins sans Frontières“-თან (ექიმები საზღვრებს გარეშე) ჩეჩნეთში.

25 აგვისტოს ევროპის საბჭოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს „ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)