სახალხო დამცველის ანგარიში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შესახებ
9 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური ანგარიში „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები“ წარადგინა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მომზადდა. ანგარიში სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების მდგომარეობას აფასებს. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად 2014 წლიდან არსებული გაუმჯობესებისა, კვლავ არსებობს პრობლემები ინფრასტრუქტურის, მასწავლებელთა მომზადებისა და საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის კუთხით.
ანგარიში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში მდებარე 143 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კვლევას ეფუძნება. დოკუმენტი ასახავს ძირითად მიგნებებს იმ ექვს სფეროში, რომლებიც ბავშვთა უფლებებს უკავშირდება: 1) ინფრასტრუქტურა, 2) კვება, 3) წყალი, სანიტარია და ჰიგიენა, 4) ჯანდაცვა, 5) ბავშვთა მიმართ ძალადობა და 6) ადამიანური რესურსები.
მართალია ანგარიში ბოლო, 2014 წლის მონიტორინგის მიგნებებთან შედარებით ვითარების გაუმჯობესებას აღნიშნავს, თუმცა რამდენიმე არსებულ გამომწვევაზეც მიუთითებს, რომელთა მოგვარებაც შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან „მეტ ძალისხმევას“ მოითხოვს. ეს უმთავრესად „სკოლამდელ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასწავლო და სააღმზრდელო ინვენტართან და ეზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს“ ეხება. ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაღების გადატვირთულობა და კადრების არასაკმარისი რაოდენობა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ძალისხმევისა, საბავშვო ბაღებში კვლავ გამოწვევად რჩება არასაკმარისი სივრცის საკითხი. ანგარიშის მიხედვით, ამის გამო შეუძლებელია შენობაში ყველა საჭირო დანიშნულების ოთახის მოწყობა და ბავშვების რაოდენობის შესაბამისი ფართობის გამოყოფა. „ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას იმ საბავშვო ბაღებში, რომლებიც არასტანდარტულ შენობაშია განთავსებული“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საბავშვო ბაღების „აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზოები არ არის ბავშვების განვითარების, გართობისა და დასვენებისთვის მოწყობილი“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ერთეული გამონაკლისების გარდა, საბავშვო ბაღები არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე“, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელი.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საბავშვო ბაღების დიდ ნაწილში არ არის საკმარისი რაოდენობის ავეჯი – მაგიდა, სკამი, საწოლი და კარადა. ასევე ვერ ხერხდება ტუალეტების მოწყობა ბავშვების რაოდენობისა და ასაკის მიხედვით; ზოგიერთ ბაღში ცხელი წყლით ქონა კვლავაც გამოწვევად რჩება. ამას გარდა, საბავშვო ბაღები იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით,რაც აფერხებს სხვადასხვა თემატიკის ღონისძიების ჩატარებას.
საბავშვო ბაღების აღმზრდელებთან და ხელმძღვანელებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ „მათ დიდ ნაწილს არ გაუვლია გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ისინი არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ, რაც აბრკოლებს ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას“.
ანგარიშის თანახმად, პრობლემურია მცირეწლოვანთათვის საბავშვო ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც. სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილიდან თუ ხერხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში. სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ დამაბრკოლებელი ფაქტორია მუნიციპალიტეტების მიდგომაც, რომლის მიხედვითაც, ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის არსებობა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობის გარანტიად მიიჩნევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)