მედიის განვითარების ფონდმა სიძულვილის ენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
მედიის განვითარების ფონდის მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2019 წელს საქართველოში მკვეთრად გაიზარდა სიძულვილის ენის შემცველი ჰომოფობიური განცხადებები, ხოლო ქსენოფობიური, რასისტული და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების რაოდენობა შემცირდა.
კვლევა ყურადღებას ამახვილებს სიძულვილის ენის ხუთ ფორმაზე, რომელთა შორისაა ჰომოფობია, ქსენოფობია, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა სხვადასხვა მოტივით და რასიზმი; მონიტორინგის სუბიექტებად კი მედია, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სასულიერი პირები და საზოგადოების წარმომადგენლები შეირჩნენ.
კვლევის თანახმად, 2019 წელს, სულ 1918 დისკრიმინაციული განცხადება შეისწავლეს, რომელთა უმეტესობა (63.3%) ჰომოფობიური იყო; მეორე ადგილს 28.1%-ით ქსენოფობიური განცხადებები იკავებს.
ჰომოსექსუალობა, როგორც განტევების ვაცი
2018 წელთან შედარებით, ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა (2019 – 1214; 2018 – 732), ხოლო ქსენოფობიური (2019 – 538; 2018 – 802), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი (2019 – 76; 2018 – 154) და რასისტული (2019 – 6; 2018 – 54) განცხადებების რაოდენობამ იკლო.
მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, აქტუალური იყო შემდეგი ჰომოფობიური გზავნილები: „ჰომოსექსუალები ღმერთს უპირსპირდებიან“; „ანტიდისკრიმინაციული კანონი ჰომოსექსუალებს სხვა ჯგუფებთან ათანასწორებს“; „ჰომოსექსუალები ავადმყოფები არიან და მათ გამოხატვის თავისუფლება უნდა შეეზღუდოთ“; „გეიპრაიდი პროვოკაციაა“; „გეი ფილმები („და ჩვენ ვიცეკვეთ“, „კომეტები“) გარყვნილების პროპაგანდაა“; „დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, რუსეთი ებრძვის მას“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰომოფობიური განცხადებების უმრავლესობის თანახმად, დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას (275); რომ ჰომოსექსუალობა გადახრა, ცოდვა და გარყვნილებაა (209); ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება გარყვნილების პროპაგანდად და უმრავლესობის უფლებების ხელყოფად იყო წარმოდგენილი (196).
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე მედია საშუალება და ანტილიბერალური მოძრაობა „ქართული მარში“ – რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას – შეეცადა, 2019 წლის 20 ივნისის ანტი-საოკუპაციო აქციები გეი აღლუმთან და ლგბტ თემთან დაეკავშირებინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვადასხვა აქტორებმა ის აზრიც განავითარეს, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და „პედერასტები“ ითხოვდნენ.
ქსენოფობიის მთავარი გზავნილები
დოკუმენტის თანახმად, ქსენოფობიური გზავნილების ყველაზე დიდი წილი ანტიმიგრანტული შინაარსის კომენტარებზე მოდის (51.5%), რასაც თურქოფობიური განცხადებები (25.3%) მოსდევს. მედიაში შემდეგი ანტიმიგრანტული გზავნილები ვრცელდებოდა: „მიგრანტები = კრიმინალის ზრდას/სექსუალურ ძალადობას/დემოგრაფიულ საფრთხეს“; განათლების სისტემა მოზარდებს „ოსმალიზაციისა“ და „არაბიზაციისთვის“ ამზადებს.
რაც შეეხება თურქოფობიულ განცხადებებს, ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსი და მასთან დაკავშირებული ტვ „ობიექტივი“ ფიგურირებდნენ, რომლებიც შემდეგ გზავნილებს ავრცელებდნენ: „თურქეთი ისტორიული მტერია“; „თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია“.
ქსენოფობიური დისკურსი ასევე მოიცავდა ანტი-აზერბაიჯანულ და არმენოფობიურ გზავნილებს. აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ძირითადად დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, ხოლო არმენოფობიური კომენტარები მეტწილად პოლიტიკოსებისა და ცალკეული პირების სომხური გვარით ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებას უკავშირდებოდა.
მართალია 2018 წელთან შედარებით შემცირდა, თუმცა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები ქართულ მედიაში მრავლად 2019 წელსაც ისმოდა. მათი უმეტესობა ისლამოფობიური შინაარსისა იყო (61.9%). მკვიდრდებოდა აზრი, რომ „მიმდინარეობს აჭარის ისლამიზაცია“ და რომ „ისლამიზაციისგან საქართველო ისტორიულად რუსეთმა იხსნა“. რაც შეეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სხვა მაგალითებს, ფართოდ ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ „იეჰოვას მოწმეებისგან დაცვა მხოლოდ მართლმადიდებელ რუსეთს ძალუძს“.
სიძულვილის ენიდან ყველაზე ნაკლებად რასისტულ კომენტარებს აკეთებედნენ (6), რაც 2018 წელთან შედარებით შემცირებულია. რასისტული განცხადებებიდან დომინირებდა მოსაზრება, რომ „შავკანიანები ღვთის მიერ დასჯილი ადამიანის შთამომავლები არიან“.
სიძულვილის ენის წყაროები
წინა საანგარიშო წლის მსგავსად, სიძულვილის ენას მედიაში სხვადასხვა მოტივით ყველაზე ხშირად იყენებდნენ საქართველო და მსოფლიოს, ასავალ-დასავალის, ტელეკომპანია ობიექტივის, საქინფორმის, ალიასა და რეზონანსის ჟურნალისტები.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველა ხშირად სიძულვილის ენას პატრიოტთა ალიანსი მიმართავდა; შემდეგ მოდის ჯონდი ბაღათურიას ქართული დასი, ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო და ქართული იდეა.
ამასთან, მმართველი პარტია ქართული ოცნების წევრებმა 28 დისკრიმინაციული განცხადება გააკეთეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა – 11.
კვლევის დასკვნის თანახმად, პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებების უმეტესობა ჰომოფობიური იყო. გარკვეულ საკითხებზე, მაგალითად გეი-თემატიკის ფილმების ჩვენებაზე, მმართველი პარტიის და ნაციონალური მოძრაობის შეფასებები დაემთხვა.
ანგარიშში ასევე საუბარია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებზე. კვლევის თანახმად, გამოიკვეთა 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად მიმართავდა, მათგან ლიდერობენ „ქართული მარში“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, რომელთაც „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდი“, „ქართული მისია“, „სახალხო კრება“ და „ევრაზიის ინსტიტუტი“ მოსდევენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)