სოხუმი აფხაზეთის ანექსიაზე რუსეთში გაკეთებულ განცხადებებს გმობს
11 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ დაგმო ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მიერ გამოთქმული მოსაზრება მოსკოვის მიერ, სხვა ტერიტორიებთან ერთად, აფხაზეთის შესაძლო ანექსირების შესახებ.
სოხუმის განცხადებაში ნათქვამია, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი გადახედვას არ ექვემდებარება“. ამავე განცხადების თანახმად, ეს სტატუსი განსაზღვრულია „კონსტიტუციითა და სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტით და ასევე, იურიდიულად აღიარებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით“.
სოხუმმა განცხადება სავარაუდოდ რუსი ულტრანაციონალისტი დეპუტატის ვლადიმირ ჟირინოვსკის საპასუხოდ გააკეთა. ჟირინოვსკი ბელარუსის რუსეთის კონფედერაციაში გაერთიანების წინადადებით გამოვიდა და დასძინა, რომ „[რუსეთის კონფედერაციაში] დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დონბასიც შეგვიძლია მივიღოთ“.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყებამ რუს საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც რეგიონის პოლიტიკური სტატუსის შესახებ ოფიციალური რუსეთის პოზიციას ეწინააღმდეგება.
მანამდე, ივლისში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთის პოლიტიკური პარტიის – „სიმართლისთვის“ – მსგავსი შემოთავაზება დაგმო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)