TI საქართველო „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატთა სამეწარმეო საქმიანობასა და შემოწირულებებზე
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების პოლიტიკურ შემოწირულობებს, სამეწარმეო საქმიანობასა და ქონებრივ დეკლარაციებს შეისწავლის, ქართული ოცნების მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 19 სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. კვლევის მიხედვით, 19 კანდიდატი მთლიანობაში სხვადასხვა ფორმით 186 კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი.
11 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012-20 წლებში, 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო ქართული ოცნების შემომწირველი და მთლიანობაში მათ მმართველ პარტიას 740,826 ლარი შესწირეს. თუმცა, ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-20 წლებში მმართველ პარტიას 3,702,826 ლარი შესწირეს.
კვლევის თანახმად, კანდიდატებთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებსა და პრივატიზაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ორგანიზაციამ ასევე შეისწავლა 2012 წლიდან 2020 წლის 20 აგვისტომდე ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულებები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ მაჟორიტარობის კანდიდატებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს და ბიზნეს პარტნიორებს შორის უმსხვილესი შემომწირველები დაასახელა:
- გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ლარი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის და მესტიის ოლქში იყრის კენჭს
- ზაალ დუგლაძე – 990,000 ლარი – ხაშურის და ქარელის ოლქი
- ირაკლი ხახუბია 458,000 ლარი – ფოთის, ხობის და სენაკის ოლქი
- დავით სონღულაშვილი – 340,000 ლარი – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის ოლქი
- ბეჟან წაქაძე – 320,000 ლარი – ტყიბულის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქი
ორგანიზაციის თანახმად, 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს 2012-20 წლებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. მათ, მთლიანობაში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით მიღებული აქვთ 4,364,109 ლარი (ტენდერი – 623,450 ლარი; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ლარი). 2013-20 წლებში, ექვსმა კანდიდატმა ან მათმა კომპანიებმა 758,300 ლარად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2,210,000 ლარად – სახელმწიფო საწარმოების წილები.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არც პოლიტიკური შემოწირულობა არ გაუღია, ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ ქართული ოცნების ის კანდიდატებიც დაასახელა, რომელთაც 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირეს თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.
კვლევის თანახმად, 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში, ორგანიზაციის თქმით, რიგი დარღვევები გამოვლინდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არა აქვს დეკლარირებული მისი ან/დაოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები, ხოლო 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც ორგანიზაციამ კანონდარღვევად შეაფასა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ კვლევა ეხებოდა მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუმცა მომავალში ასევე გამოქვეყნდება ანგარიშები სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შესახებ.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
- „ქართული ოცნება“ პროპორციული სიის პირველ ოცეულს ასახელებს
- პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)