პანდემიის ფონზე საქართველო კანონიერ ბინადრებს შემოსვლაზე უარს ეუბნება
ავტორი: ტიმოთი ბლაუველტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც კოვიდ-19-ის პანდემია დაიწყო, ბევრმა ქვეყანამ დახურა საზღვრები და უცხოელებს შესვლა შეუზღუდა. თითქმის ყველა ასეთი შემთხვევისას, ქვეყანაში შესვლის კუთხით, კანონიერ ბინადრებს როგორც საკუთარ მოქალაქეებს ისე ეპყრობიან და ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევენ. საქართველო ვირუსის გავრცელების შესაკავებელი ზომების ადრიანად და აქტიურად გატარების გამო წარმატების მაგალითადაა მიჩნეული, თუმცაღა კანონიერ ბინადრებთან დაკავშირებით იგი საერთაშორისო სტანდარტებს სულაც არ მისდევს. განკარგულება №164-ის მიხედვით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს (განსაზღვრული როგორც მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები), ასევე ზოგიერთი კატეგორიის უცხოელს – დიპლომატიური ან ჰუმანიტარული მისიით ან ტვირთის გადასაზიდად შემოსულებს – აქვთ.
საქართველოში ბინადრობის კანონიერი განმარტების მიხედვით, ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის პერიოდში, მის მქონე პირებს ენიჭებათ ორი უფლება: საქართველოში შემოსვლისა და ტრანზიტით გადაადგილების უფლება და საქართველოში დარჩენის უფლება. იმ პირებზე საუბრისას, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნების უფლება ეძლევათ, განკარგულება №164 კანონიერ ბინადრებს არ ახსენებს, რითაც უარყოფს ქვეყანაში მათი შემოსვლის უფლებას; ეს იმ ფონზე, როცა ბინადრობაზე არსებულ კანონში შესწორებები არ შესულა. ვინმემ რომ არ იფიქროს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ უცხოელებს ეხებათ, ბინადრების ნებართვის მქონეების არშემოშვება ასევე ვრცელდება იმ ქართველებზეც, რომლებსაც რამე მიზეზის გამო საქართველოს მოქალაქეობა არა აქვთ და მხოლოდ ბინადრობის ნებართვას ფლობენ. ამასთან, მშობლები, ძმები, დები, ზრდასრული შვილები და სხვა ნათესავები განკარგულების თანახმად, არ მიიჩნევიან „ოჯახის ახლო წევრებად”, ამდენად, ისინი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
ევროკავშირის ზოგ ქვეყანასთან ახლახანს გაფორმებული ორმხრივი მგზავრობის შეთანხმებების მიხედვით, საქართველო აღიარებს საერთაშორისო სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შემოსვლის კუთხით ბინადრებს და მოქალაქეებს ერთი და იგივე უფლებები აქვთ. თუმცა ეს აღიარება მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსა და ბინადრებს ეხება. ამჟამად, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს კანონიერ ბინადრებს (არამხოლოდ მოქალაქეებს) საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ, თუ კარანტინის ხარჯებს საკუთარი ფულით დაფარავენ, ხოლო ე.წ. 5„უსაფრთხო ქვეყნის” (გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიისპირებით სამი ქვეყნის) ბინადრებს შემოსვლა კარანტინის გარეშეც შეუძლიათ, მაშინ როდესაც საქართველოს კანონიერ ბინადრებს არ აქვთ ამის უფლება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაცემულ ბინადრობის ნებართვებს მეტი კანონიერი ძალა აქვს, ვიდრე – თავად საქართველოსვე გაცემულს, რაც კანონის თანმიმდევრულობისა და სუვერენიტეტის კუთხით პრობლემატურია. საქართველო ევროკავშირისა და თავისსავე ბინადრებს სხვადასხვა განმარტებებს შეუსაბამებს.
ამ ფონზე, საქართველომ ახლახანს აამუშავა საქმიანი ვიზიტისთვის განაცხადის სისტემა და ახალი პროექტი უცხოელი „ფრილანსერების” მოსაზიდად. ზოგს ამბობს, რომ საქმიანი ვიზიტის განაცხადი წარმოადგენს სათანადო გზას კანონიერი ბინადრების ქვეყანაში დასაბრუნებლად, თუმცა იგი ბიუროკრატიულ ზედმეტობას წარმოადგენს. ზოგმა კანონიერმა ბინადარმა მართლაც შეძლო ამ პროცესით დაბრუნება, თუმცა ბევრს ამის ნება არ დართეს და ახსნა-განმარტებაც არ მისცეს. გარდა იმისა, რომ სისტემა ჩახართულია (მსურველმა პირმა უნდა აარჩიოს მთავრობის უწყებებს შორის ნებართვის გამცემად ერთ-ერთი, ისე რომ მცირე ინსტრუქციაა მოცემული იმაზე, თუ ვინ რომელს უნდა მიმართოს), პროცესი ასევე მოითხოვს სპონსორ ორგანიზაციას საქართველოში, რომელიც თანახმა იქნება წარადგინოს მოწვევის წერილი, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ იგი კარანტინის და ნებისმიერ სხვა ხარჯს დაფარავს. ორგანიზაციების უმეტესობა, გასაგები მიზეზების გამო, ასეთი გარანტიების გაცემაზე იყოყმანებს და ისეთ პირზეც არ აიღებს პასუხისმგებლობას, ვინც მისი თანამშრომელი არაა. ასევე, არავითარი ნიშანი არსებობს იმისა, რომ ბინადრის სტატუსის ქონა რამე დადებით გავლენას ახდენს დადებითი პასუხის მიღებაზე. შესაბამისად, საქმიანი ვიზიტის განაცხადი შესაძლოა ზოგისთვის უბრალო ბიუროკრატიული უხერხულობა იყოს, თუმცა სხვებისთვის იგი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. ზოგ კანონიერ ბინადარს შეიძლება მასში განცხადების შეტანის უფლებაც კი არ ჰქონდეს.
იმ პირთა კატეგორიიდან, ვისაც პანდემიის დროს საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს, კანონიერი ბინადრების გამოტოვება შესაძლოა თავიდან უყურადღებობისთვის მიგვეწერა, რადგანაც მარტში, რეგულაციების შემოსვლისას ქაოტორი დღეები იდგა. თუმცა ეს პრობლემა უკვე შესაბამისი თანამდებობის პირების ყურადღებამდეც მიიტანეს (როგორც ამბობენ, ზოგ მათგანს ეს გაუკვირდა კიდეც), მაგრამ ექვსი თვის შემდეგ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და არც რამე განუმარტავთ. ბინადრების არ შეშვება ოფიციალური პოლიტიკა გახდა. ზოგი ამბობს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ბინადრობის ნებართვის ბევრი მფლობელია რუსეთში, უკრაინასა და ირანში, ვისი დიდი რაოდენობით დაბრუნებაც ეპიდემიოლოგიურად ან პოლიტიკურად რისკის შემცველია. თუმცა საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს აჩვენა, რომ მას შეუძლია კომპეტენტურად, აქტიურად და ეფექტურად შეძლოს დიდი რაოდენობით მოქალაქეების დაბრუნება. საქართველოში დაბრუნების მოსურნე ბინადრობის ნებართვის მქონეთათვის, ქვეყანაში შემოსვლის და მათი კარანტინის სამართავი მექანიზმები აშკარად არსებობს (თუნდაც საჭიროების შემთხვევაში მათსავე ხარჯზე), კოვიდის შემთხვევების რაოდენობის ამჟამინდელი ზრდისა და ხელახლა შემოღებული ზოგიერთი აკრძალვის მიუხედავად.
საქართველოს ბინადრობის ნებართვას ბევრი უცხოელი იღებს, მიუხედავად რთული და ძვირადღირებული პროცესისა, რადგანაც ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ამ ქვეყანასთან. ზოგს ემოციური, ზოგს – ფინანსური კავშირი აქვს საქართველოსთან, ზოგი აქ ინვესტიციას დებს, ზოგს კი აქ კერძო საკუთრება აქვს. ქვეყანა ინვესტიციებს ვერ წაახალისებს, თუ რამე საფრთხის პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე, მთავრობა თავისი ერთი განკარგულებით უცხოელ ინვესტორებს საკუთარ ქონებასა და ინვესტიციებზე წვდომას შეუზღუდავს. არავინ ითხოვს განსაკუთრებულ მოპყრობას ან პრივილეგიებს, ან კრიზისის დროს უკონტროლო საერთაშორისო მგზავრობას. ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ საქართველომ პატივი სცეს საკუთარ კანონმდებლობაში განსაზღვრულ ბინადრობის განმარტებას და დაიცვას საერთაშორისო კონვენცია, რომლის მიხედვითაც, ბინადრობის ნებართვის მქონეებს უფლება აქვთ შევიდნენ ქვეყანაში დამატებითი, უსამართლო დაბრკოლებების გარეშე. არადა ახლა, საქართველო, ცხადი განმარტების გარეშე, თავის თავს ამ სტანდარტის მიღმა აყენებს. ამ პროცესში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის კითხვაა, მიიჩნევს თუ არა საქართველო თავის კანონიერ, კანონმორჩილ და გადასახადების გადამხდელ იმიგრანტთა საზოგადოებას ქვეყნის ღირებულ წევრებად?!
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)