1920 წლის 14 სექტემბერი: ბათუმი ევროპელ სოციალისტთა სტუმრობას ელოდება

გაზ ბათუმის ფურცელი, 1920 წლის 14 სექტემბერი, N5

ჩვენი სალამი

დღეს ბათომში მოველით ევროპიდან სოციალისტურ დელეგაციას.

საქართველოს შრომელთა მასამ, რომელიც მუდამ ევროპის მუშათა კლასის ბრძოლით ხელმძღვანელობდა, რომელმაც საკუთარი სახელმწიფოს აშენებას საფუძვლად ჭეშმარიტი დემოკრატიის პრინციპები დაუდვა, გრძნობს თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის სოციალისტურ დელეგაციას.

საქართველოს მშრომელი მასა არ ხვდება ძვირფას სტუმრებს წინასწარ აღებულ აზრით – რომ ჩვენი წყობილება საუკეთესო რამ არის და თქვენ უნდა აქოთო, როგორც ეს მოსკოვში მოხდა.

ჩვენი მშრომელი მასის ერთად ერთი მოკავშირე იმ საბედისწერო წუთებში, რომელიც მან გამოიარა ამ ორი წლის განმავლობაში ევროპის დემოკრატია იყო.

დღეს ამ დემოკრატიის საუკეთესო წარმომადგენლებს მოველით ჩვენ.

საქართველოს დემოკრატია სიხარულით ეგებება ძვირფას სტუმრებს, რომელთა აზრს ჩვენი აღმშენებლობის შესახებ დიდი მნიშვნელობა ექნება.

ჩვენს აღმშენებლობას კარგ მხარეებთან ერთად ნაკლიც ექნება და ამ ნაკლს გარეშე უფრო შეამჩნევს.

ამიერ-კავკასიის ხალხებს შორის, საქართველო ერთად ერთი კუთხეა, სადაც მშრომელი ხალხის ბატონობაა განმტკიცებული, სადაც რევოლუციით მონაპოვარი უფლებები შენარჩუნებულია, სადაც ისეთ სოციალურს და ეკონომიურ პოლიტიკას აწარმოებენ, რომელიც საშვალებას მოგვცემს უმტკივნეულოდ მოვახდინოთ სოციალისტურ წყობილებაში გადასვლა.

ყველა ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი მშრომელი მასის მებაიარაღტრე და ხელმძღვანელი მუდამ იყო სოციალ-დემოკრატია, რომელმაც საქართველოს მშრომელ ხალხს ჩაუნერგა გულში და შეთვისებია ევროპის მუშათა კლასის ბრძოლის მეთოდები.

მეცნიერული სოციალიზმის გზით სვლამ ბრწყინვალეთ გამოგვიყვანა ყოველგვარ განსაცდელისაგან და იმ დროს როცა, რუსეთის ყოფილი იმპერიის ვეებერთელა სივრცეზე სამოქალაქო ომის ტალღები გადი-გადმოდიან, ჩვენში შედარებით მყუდროება და მშვიდობიანობა სუფევს.

სიხარულით ვეგებებით ევროპის მუშათა კლასის წარმომადგენლებს.

ჩვენი სალამი ძვირფასს სტუმრებს!

გაუმარჯოს ევროპის მუშათა კლასს!

ე. წ.