ვინ ვინ არის „ქართული ოცნების“ პირველ საარჩევნო ოცეულში
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 10 სექტემბერს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა. „სამოქალაქო საქართველომ“ თვალი გადაავლო ოცეულის წარსულს და მოძიებულ ინფორმაციას ქვემოთ მოუყარა თავი:
- გიორგი გახარიამ, მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, განათლება მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. მას კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს – 2013 წელს ბიზნესომბუდსმენის რანგში მთავრობაში მოსვლამდე, იგი იყო ლუფტჰანზას ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნებში. გახარია საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ შსს მინისტრობის პერიოდში მოექცა, როდესაც, უწყებაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების კვალდაკვალ, ხალხს თავი ისეთი საქმეებით დაამახსოვრა, როგორებიცაა თბილისის ღამის კლუბებში 2018 წელს ჩატარებული რეიდები და 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის, ე. წ. „გავრილოვის ღამის“, ძალისმიერი დაშლა. მიუხედავად მისი გადადგომის მოთხოვნით კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა, გახარია 2019 წლის სექტემბერში პრემიერმინისტრად დაწინაურდა. ამ უკანასკნელ პოზიციაზე მან ნაწილობრივ შეძლო დაზიანებული რეპუტაციის აღდგენა, როდესაც მისი ხელმძღვანელობით ქვეყანამ კოვიდ-19-ის გავრცელების შეკავებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
- არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, დონორ ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატში 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, ქართული ოცნების მთავრობას 2012 წლიდან სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის რანგში შეუერთდა, რასაც 2014-16 წლებში შსს-ში მინისტრის მოადგილედ დანიშვნა მოჰყვა. იგი 2016 წელს პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატად შევიდა. 2019 წლის ზაფხულზე, ირაკლი კობახიძის ხმაურიანი გადადგომის შემდეგ, თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობას მიაღწია.
- ირაკლი კობახიძე, 90-იანების საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი (გია) კობახიძის ვაჟი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. იგი პარტიაში აკადემიური გამოცდილებით და გერმანული განათლებით მივიდა, მათ შორის დიუსელფორფის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხით, როგორც თავად უსვამს ხოლმე ხაზს. მისი დაწინაურება „ქართულ ოცნებაში“ 2015 წლიდან პარტიის მდივნად დანიშვნით დაიწყო და 2016 წელს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევით გაგრძელდა, სანამ მისი თანამდებობა საზოგადოების მიერ მისივე სკამზე რუსი დეპუტატის ხილვას არ შეეწირა. მიუხედავად ამისა, კობახიძემ მოახერხა, ნელ-ნელა ისევ დაბრუნებულიყო ტელეეკრანებზე. იგი ამჟამად „ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.
- იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ მთავრობაში ერთადერთი მინისტრია, რომელიც შესაბამის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს. ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის (ENA) დიპლომის მქონე წულუკიანი პარლამენტში თავდაპირველად 2012 წელს, ნაძალადევის მაჟორიტარის რანგში მოხვდა. მისი მინისტრობის საკმაოდ ხანგრძლივმა პერიოდმა არაერთ გამოწვევას გაუძლო, მათ შორის, ქსენოფობიურ და ტრანსფობიერ განცხადებებზე კრიტიკას. ამ ბოლო ხანებში მას კრიტიკის ქარცეცხლი სახალხო დამცველის ციხეში ვიზიტის ვიდეო-ჩანაწერის საჯაროდ დადების შემდეგ დაატყდა, რის გამოც იუსტიციის უწყება და პენიტენციური სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევის გამო დააჯარიმა.
- მამუკა მდინარაძე – განათლებით იურისტი, მდინარაძე წლების განმავლობაში კერძო იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა, სანამ 2016 წელს „ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობას საბურთალოს მაჟორიტარის რანგში შეუერთდებოდა. 2019 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც არჩევნების სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე წამყვანმა დეპუტატმა დატოვა, იგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და პარლამენტის ვიცე-სპიკერად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძე 2001-2004 წლებში ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში გამომძიებლად მუშაობდა, სანამ მას 2004 წელს, ენმ-ის მმართველობის საწყის ეტაპზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით მცირე ხნით დააპატიმრებდნენ.
- კახა კუჭავა კორპორაციული სამართლის სპეციალისტია, რომელსაც 2012-2016 წლებში კომპანიების „Georgian Copper and Gold“ და „კავკასიის მინერალების“ გენერალური დირექტორის თანამდებობები ეკავა. იგი პარლამენტში 2016 წელს „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით მოხვდა, 2019 წლის ნოემბრის განხეთქილების შემდეგ კი, მდინარაძის მსგავსად, ვიცე-სპიკერად დაინიშნა.
- გიორგი კახიანი მორიგი დეპუტატია, რომელიც ვიცე-სპიკერის თანამდებობას 2019 წლის ნოემბრის ამბების შედეგად „გამორჩა“. მისი, როგორც სამართლის დოქტორის, პროფესიული გამოცდილება მოიცავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორობას. იგი 2006-2007 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარ მრჩევლად მუშაობდა.
- მარიამ ქვრივიშვილი, 30 წლის, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ გასული წლის თებერვალში დანიშნა. მანამდე იგი ეკონომიკის სამინისტროში უფროს მრჩევლად მუშაობდა. მას ტურიზმის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა 2012-2014 წლებშიც ეკავა, თუმცა შემდეგ კერძო ტურისტულ ბიზნესში გადაინაცვლა და ტურისტული კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორად და, პარალელურად, ავიაკომპანია FlyDubay-ს რეგიონულ მენეჯერად მუშაობდა. 2016 წელს ქვრივიშვილმა შემოწირულობის სახით კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ ჯამში 63 000 ლარზე მეტი გადაურიცხა.
- მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კერძო სამართლებრივ კარიერას მისდევდა, სანამ იგი 2013 წელს მცირე ხნით აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად დაინიშნებოდა. მან იმავე წელს გადაინაცვლა იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე, სადაც, თავისი უფროსის მსგავსად, დღემდე მუშაობს.
- მაია ბითაძეს, რომელიც 2017 წლიდან თბილისის მერის, კახა კალაძის, მოადგილეა, სამთავრობო სტრუქტურებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აკადემიურ სფეროში, განსაკუთრებით კი გარემოსდაცვით საკითხებში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. ბითაძემ გარემოს დაცვის სამინისტროში კარიერა ჯერ კიდევ 1998 წლიდან დაიწყო, 2011 წლიდან კი მას მმართველი პოზიციები ეკავა, მათ შორის იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თბილისის მერიაში გადასვლამდე. ბითაძე ასევე ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტში და თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ეუთო, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი. აქ მას უმეტესად გარემოსდაცვით პროექტებში სამართლებრივი ექსპერტის პოზიცია ეკავა.
- 30 წლის მიხეილ დაუშვილი 2019 წელს ბიზნესომბუდსმენად პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დანიშნა. იქამდე დაუშვილი შსს-ში არაერთ თანამდებობას იკავებდა, იყო ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და შსს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მათ შორის, გახარიას შსს მინისტრობის პერიოდშიც.
- გიორგი ამილახვარი თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორია. იგი ასევე იკავებდა აკადემიურ თანამდებობებს რამდენიმე ქართულ უნივერსიტეტში და იყო მმართველი პარტნიორი ქართულ კომპანიებში.
- ვიქტორ სანიკიძე ბევრისთვის ცნობილი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წლების განმავლობაში ასპარეზობდა როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე სხვადასხვა ევროპულ საკალათბურთო კლუბში. კალათბურთელის კარიერა მან 2017 წელს დაასრულა. 2019 წლიდან მუშაობდა ბერძნული კლუბის – „არისის“ – სპორტულ დირექტორად.
- მაკა ბოჭორიშვილი დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო ბელგიის სამეფოში/ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში. იქამდე მას მსგავსი თანამდებობა ავსტრიაში საქართველოს საელჩოში/ეუთოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეკავა.
- შალვა პაპუაშვილიც „ოცნების“ სხვა არაერთი კანდიდატის მსგავსად პროფესორია. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ძირითადად კერძო სამართლის განხრით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობას იკავებს. მან განათლება, მათ შორის დოქტორის ხარისხი, გერმანიაში მიიღო. აქვს სამუშაო გამოცდილება კერძო კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
- დავით კაჭარავა, კიდევ ერთი სპორტსმენი პირველ ოცეულში, საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრების ცენტრის მოთამაშე იყო, რომელსაც ნაკრებში ასზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. კაჭარავამ „ოცნების“ სიაში წარდგენამდე ერთი დღით ადრე 9 სექტემბერს განაცხადა, რომ აქტიური სარაგბო კარიერას ასრულებდა.
- ნიკოლოზ სამხარაძე კიდევ ერთი გერმანიაში განათლებული კანდიდატია, რომელმაც ევროპათმცოდნეობაში სამაგისტრო ხარისხი 2003 წელს ჰანოვერის უნივერსიტეტში მოიპოვა. სამხარაძემ დოქტორის ხარისხი 2016 წელს თსუ-დან საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში მიიღო. მისი სალექციო კურსები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გერმანიისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და კონფლიქტები. სამხარაძე 2017 წელს, ირაკლი კობახიძის სპიკერობის პერიოდში, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის უფროსად დაინიშნა. მას ასევე აქვს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისში. 1990-იან წლებში, სკოლის ერთი წელი მან აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში, გაატარა.
- გიორგი ხელაშვილი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში პარლამენტის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და Twitter-ის დიდი ენთუზიასტია. სამხარაძის მსგავსად, პარლამენტში მისი კარიერაც ირაკლი კობახიძეს უკავშირდება, რომლის კაბინეტსაც იგი მრჩევლის რანგში აშშ-ში საქართველოს დესპანად 2013-16 წლებში მუშაობის შემდეგ შეუერთდა. ხელაშვილი წინათ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრსა (CSS) და თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სხვადასხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებდა. არსებობს ცნობები, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდგომ, ნინო ბურჯანაძესა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ერთ-ერთი პირველი ბზარის გაჩენაში – როგორც ცნობილია, ენმ-მ ბურჯანაძეს უარი უთხრა ხელაშვილის საპარლამენტო სიაში შეყვანაზე, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ ხელაშვილი „შინაგანად არ იზიარებდა“ ენმ-ისა და მიხეილ სააკაშვილის პრინციპებს.
- მარიამ ლაშხი, 32 წლის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა. იქამდე, 2014 წლიდან იგი სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი კარიერა ასევე მოიცავს მსოფლიო ბანკში საქმიანობას კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. ლაშხი ამჟამად თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ლექციებს კითხულობს.
- ბექა დავითულიანი 2017 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრია. მანამდე იგი საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 2015-17 წლებში იყო მთავრობის ადმინისტრაციაში განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2014-15 წლებში – პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე. დავითულიანი ასევე იყო პროგრამა „2030“-ის პროდიუსერის მოადგილე ტელეარხ GDS-ზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)