ევროპის მოამბე – 14 სექტემბერი
🇹🇷🇫🇷 თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანსა და საფრანგეთის თავკაც ემანუელ მაკრონს შორის შავმა კატამ გაირბინა. ორი ლიდერი მამლაყინწებივით წაეკიდა ერთმანეთს – საქმე ისაა, რომ დიდი ევროპული ქვეყნებიდან თუ ვინმეს საქმე ხმელთაშუა ზღვასა და მაღრებში მოეკითხება, ეს საფრანგეთია. ისტორიას რომ თავი დავანებოთ, ტუნისში, ლიბიასა თუ ალჟირში მიმდინარე საქმეებს ევროკავშირიდან საფრანგეთი ადევნებს თვალყურს და მალიში სტაბილურობის დასამყარებლად სამხედრო ძალითაც ირჯება. სწორედ ლიბიის ამბებზე გადაეკიდნენ ერთმანეთს სამტროდ ერდოღანი და მაკრონი, როცა ანკარამ ნატოს საერთო ემბარგოს ჯერ უგანა და მერე კი ფრანგი სამხედრო გემიც ამოიღო მიზანში. ეს კონფლიქტი ახლა საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გრძელდება, სადაც საფრანგეთი მყარად დადგა საბერძნეთის მხარეს და ევროკავშირიც მხარში დაიგულა. ერდოღანს კვირას სატელევიზიო გამოსვლაში ფრიად უხეშად მიუმართავს პირადად მაკრონისთვის – თურქ ხალხთან და თურქეთთან თუ შარს ეძიებ, კაი ჩიტსაც დაიჭერო. თანაც დაუმატებია, ჩემო მაკრონ, თუ არ დამეხსენი, ჩემთან ჯერაც ბევრ უსიამოვნებას გადაეყრებიო. ისიც უთქვამს, საფრანგეთისგან ლექციების კითხვას ვერ ავიტანთ, თავის კოლონიურ წარსულს მიხედოს, გინდ ალჟირში და გინდაც სხვაგან. ჩვენს რეგიონში კი “ისტორიული ცოდნა გაკლიათ” და ენას მოუკელითო. ასეთი უგვანი წაკინკლავება ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვერაა კარგის ნიშანი…
🇪🇺 დღეს ევროკომისიისა მეთაური ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და ევროკავშირის თავმჯომარე ქვეყნის, გერმანიის მეთაური ანგელა მერკელი ჩინეთის პრეზიდენთ სი ჟინგპინს გაესაუბრებიან ტელეფონით. რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებენ, დაგროვილ პრობლემებს – ციფრული უსაფრთხოების (ანუ ჰუავეის ევროპულ ბაზარზე მუშაობის), ორმხრივი ვაჭრობის, ტაივანის და მრავალ სხვა საჭირბოროტო საკითხს კი შეეხებიან. ევროპის საგარეო ურთიერთობები ფრიად დაძაბულია საკვანძო მეგობრებთანაც და მეტოქეებთანაც – აშშ იქნება ეს, ბრიტანეთი, თურქეთი, რუსეთი თუ ჩინეთი. პეკინთან უთანხმოების გაღრმავება არავის აწყობს და ეს ზარიც ამის თავიდან ასარიდებლად დაიგეგმა.
🇷🇸🇽🇰 ერთი კვირა გავიდა ვაშინგტონში სერბეთსა და კოსოვოს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობის შემდეგ და პრესაში აზრთა გაცვლა-გამოცვლა არ წყდება – მაინც რა მოხდაო? ზოგის თქმით – და პრეზიდენტი ტრამპი ამაზე ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის – ისტორიული შეთანხმება შედგა. სხვათა გაგებით – ტრამპმა არჩევნების წინ იაფი ქულები ჩაიწერა ისე, რომ ორ მხარეს შორის ზოგი უკვე შეთანხმებული საკითხზე ვითომ “გარღვევას მიაღწია” და ზოგიერთი ისეთი თემაც შეურია ამ საუბრებში, არც ბელგრადს და არც პრიშტინას რომ არ აინტერესებთ, სამაგიეროდ ამერიკელი საკვანძო ამომრჩევლებისთვისაა მნიშვნელოვანი. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, ანუ ერთმანეთთან არაფერზე შეთანხმებულან. ორივემ ცალ-ცალკე მოაწერა ხელი შეთანხმებებს ტრამპთან. ამ დოკუმენტებში ორმხრივი თემების უდიდესი ნაწილი ეკონომიკურია – ბელგრადი დიდხანს ითხოვდა, კოსოვომ ჩვენს საქონელზე 100%-იანი ბაჟი უნდა მოხსნასო. საგზაო მიმოსვლაზე, განათლებასა და მისთანა თემებზე ჯერ კიდევ წლების წინ არსებობდა შეთანხმება, ოღონდაც დროთა განმავლობაში ორივე მხარემ გამოუთხარა ძირი და ახლა თითქოს საწყის წერტილს დაუბრუნდნენ. სიახლე ისაა, რომ როგორღაც ამ შეთანხმებებში ტრამპის საყვარელი თემები – ისრაელი და ჩინეთი გაჩნდა. ისრაელმა ამ ხელშეკრულებით კოსოვო აღიარა (რასაც სერბეთი არ შეეწინააღმდეგა), სამაგიეროდ სერბეთი დათანხმდა თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს. ორივემ აიღო ვალდებულება, “ჰეზბოლლა” ტერორისტულ ორგანიზაციად ჩათვალონ. ამასთან, კოსოვო დაყაბულდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას წელს აღარ შეეცდება, ხოლო ბელგრადი შეწყვეტს მცდელობებს, რომ ევროპელ დედაქალაქებს კოსოვოს აღიარება გააუქმებინოს. ბელგრადიც და პრიშტინაც დათანხმდნენ, საავიაციო უსაფრთხოების ამერიკული ზომები მიიღონ და თავიანთ ტელესაკომუნიკაცო ბაზარზე ჩინეთი არ დაუშვან. ყველაფერი ეს ვაშინტონელ ლობისტებს უფრო გაუხარდებათ, ვიდრე სერბებსა და კოსოვარებსო, ამბობენ მცოდნე ხალხი… მაგრამ ბალკანეთისას რას გაიგებ, მივადევნოთ თვალი…