ეკა ბესელიამ საარჩევნო პროგრამისა და სიის ათეულის პრეზენტაცია გამართა
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ 14 სექტემბერს მცხეთაში, პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ პროგრამისა და საარჩევნო სიის ათეულის პრეზენტაცია გამართა.
ეკა ბესელიამ საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტია სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა.
„პირველი, რითიც ჩვენ მოვდივართ, ეს არის სამართლიანობა… ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო, იმისთვის, რომ ხელისუფლების დანარჩენმა ორმა შტომ – საკანონმდებლომ და აღმასრულებელმა ხალხისთვის იმუშაოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ეს ის თემაა, რომელიც „წყალგამყოფი აღმოჩნდა ჩემი და ჩემივე ხელით დაფუძნებულ პარტიას შორის“.
მისივე თქმით, ასევე მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის დეოკუპაცია, განათლება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა.
საარჩევნო სიის ათეულის წარდგენისას ბესელიამ აღნიშნა, რომ პარტიაში ძირითადად აქცენტი არა ცნობად სახეებზე გაკეთდა, რომლებიც „პოლიტიკაში ახლები არიან, მაგრამ თავიანთ სფეროში არიან პროფესიონალები, გამოცდილები და წარმატებულები“.
სიის შემადგენლობაში შედიან:
- ეკა ბესელია
- იასე ზაუტაშვილი – იურისტი, ეკონომისტი;
- ჯავარა უგრეხელიძე – ექიმი, მედიცინის დოქტორი;
- ზაზა წერეთელი – ექიმი, მედიცინის დოქტორი (პოლიტიკური საბჭოს წევრი);
- თემურ რობაქიძე – იურისტი, ეკონომისტი;
- დოდო შონავა – ჟურნალისტი, ტელეკომპანია მეორე არხის“ ყოფილი დირექტორი;
- სევა ჯუღელი – დიპლომატი, ექიმი, მედიცინის დოქტორი, მწერალი ( პოლიტიკური საბჭოს წევრი);
- სოსო დარსაველიძე
- ინგა მახარაძე
- ნუგზარ ლომიშვილი
ამასთან, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
- ეკა ბესელია – მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის ოლქში;
- სოსო დარსაველიძე, ექიმი – მაჟორიტარობის კანდიდატად სამგორის საარჩევნო ოლქში;
- ინგა მახარაძე, ჟურნალისტი – ოზურგეთის, ჩოხატაურისა, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქი;
- ნუგზარ ლომიშვილი, იურისტი – გლდანის საარჩევნო ოლქი;
ეკა ბესელიამ დღეს პრეზენტაციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატიც დაასახელა.
- კახა ცეცხლაძე, იურისტი (პოლიტიკური საბჭოს წევრი) – ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი;
- მირიან პაპუნიძე, ეკონომიკის დოქტორი – ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი;
ამასთან, ეკა ბესელიამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალ წევრად ქეთევან ყრუაშვილიც წარადგინა. პარტია კიდევ რამდენიმე მაჟორიტარ კანდიდატს უახლოეს მომავალში წარადგენს.
ეკა ბესელიამ მმართველი პარტია ქართული ოცნება 2019 წლის 22 თებერვალს, გუნდში უზენაესი სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე არსებული უთანხმოების ფონზე დატოვა. მოგვიანებით კი მან ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ დააარსა, რომლის დამფუძნებელი ყრილობა 2019 წლის 20 ივნისს გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)