კოვიდ-19 და ბრძოლა ბრიტანეთისთვის

ბრიტანეთისთვის საჰაერო ბრძოლის მე-80 წლისთავს ქვეყანა იმ შეგნებით ეგებება, რომ მისი მომავალი დღევანდელ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ბრიტანეთი იცვლება და ამაში კოვიდ-19-თან ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბრძოლას დიდი წვლილი შეაქვს.


ავტორი: გიორგი ფანიაშვილი 11 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. ეს სტატია მხოლოდ ღია წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება.


ევროკავშირთან განქორწინების მტკივნეული პროცესის კვალდაკვალ, იანვარ-თებერვალში გაერთიანებული სამეფოს სანაპიროებს ახალი კორონავირუსის ტალღები ჯერ ძალუმად შეეთამაშა, ხოლო მარტში უკვე ძლიერ შტორმად დაატყდა თავს, რომელმაც საფუძვლიანად გადარეცხა ბრექსიტზე აგებული მორგებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები ბრიტანიკა გემბანიდან.

ჯერ კიდევ მიმდინარე პანდემიამ ევროპაში ერთ-ერთი უმძიმესი დარტყმა სწორედ დიდი ბრიტანეთს მიაყენა. დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, აქ კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 42 ათასს, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 355 ათასს გადააჭარბა. პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიკაში საწყისი ყოყმანის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმა ჯონსონმა 23 მარტს ძლივს მოასწრო ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნის გამოცხადება და 27 მარტს, თავადაც დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს მისი ჰოსპიტალიზაციითა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებით დასრულდა.

პანდემიის პირველ ეტაპზე, განსაკუთრებით იგრძნობოდა სასუნთქი ვენტილატორების, ვირუსისგან დამცავი ეკიპირებისა და  ტესტირების საშუალებების სიმწირე, გადაიტვირთა საავადმყოფოები და გამოფიტვის ზღვარზე მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახური, რამაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო გაერთიანებული სამეფოს ტკივილი და სიამაყე  –  ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS). მიუხედავად, უმძიმესი ეპიდემიური ვითარებისა, სასწრაფოს დახმარებისა და სხვა სამსახურების პერსონალი მეორე მსოფლიო ომის სამეფო საჰაერო ძალების პილოტების თავდადებით დასტრიალებდნენ დაუძლურებულ ლონდონსა და ბრიტანეთის სხვა ქალაქებს. ეპიდემიის პირობებში, საავადმყოფო საწოლების შესაძლო სიმცირემ განაპირობა საველე ჰოსპიტლების სწრაფი გაშლა.  საბედნიეროდ, ისინი მეტწილად გამოუყენებელი დარჩა. 

განსაკუთრებით დამთრგუნველი სანახავი იყო ისტორიულად ენერგიული და დინამიური – ლონდონი გაუკაცრიელებულ და შეჩერებულ მდგომარეობაში, სადაც  ხმაურიანი რუტინა და პაბებიდან გამოსული აყალ-მაყალი, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანების ხმოვანი სიგნალის ხმებმა ჩაანაცვლა. სამედიცინო პერსონალს, პოლიციასა და სხვა სამსახურებს ხელი ჯარისკაცებმაც გაუმართეს და აქტიურად ჩაერთვნენ, როგორც წესრიგის დაცვასა და მომარაგების უზრუნველყოფაში, ისე ტესტირებების ჩატარებასა და საველე ჰოსპიტლების მშენებლობაში.

ფინანსური ზარალი

რა თქმა უნდა, მთავრობა აცნობიერებდა მოსალოდნელ მსხვილ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაკარგებს, თუმცა, ათობით ათასი გარდაცვლილის ფონზე, ზედმეტი იყო საუბარი იმ ეკონომიკურ სიძნელეებსა თუ ფინანსური ზარალზე, რაც ამ უპრეცედენტო მასშტაბის შეჩერებასა და დახურვას უცილობლად მოჰყვებოდა.

შეიძლება დაგვიანებით, ჩავარდნებით თუ შეცდომებით, თუმცა, ჩვეული ჟინიანობითა და დაკვირვებულობით, ასევე საკუთარ თუ სხვის შეცდომებზე სწავლის უნიკალური უნარით, ზაფხულის დასაწყისში, მასიურმა შეზღუდვებმა, სამედიცინო პერსონალისა და სხვა სამსახურების უკიდურესად დაძაბულმა ძალისხმევამ როგორც იქნა შედეგი მოიტანა და მაისის ბოლოდან მდგომარეობამ გაუმჯობესება დაიწყო.  ივლისი-აგვისტოს პერიოდში შესაძლებელი გახდა ლოქდაუნის ეტაპობრივად მოხსნა და ქვეყანამ ცხოვრების ნორმალური  რიტმში დაბრუნება მოახერხა.

ზაფხულში დიდმა ბრიტანეთმა მიმდინარე პანდემიით მიღებული ეკონომიკური ზიანის დათვლაც დაიწყო და უკვე აგვისტოში აღმოაჩინა, რომ პირველად 11 წლის მანძილზე, -20.4%-იანი რეცესია დაფიქსირდა, ამასთან, არსებული პროგნოზებით, წლის ბოლოსთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 9.5%-ით შემცირდება, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი გაორმაგდება და 7.5%-ს მიაღწევს.   

ზაფხულში ბრიტანეთმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ვაქცინის შექმნისა და ვირუსის მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების საქმეში. ოქსფორდის ვაქცინის კანდიდატი ყველაზე წარმატებულ და სანდო პოტენციურ ვაქცინად ითვლება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში სულმოუთმენლად ელოდებიან. 

პოლიტიკური გამოწვევები

ზაფხულის განმავლობაში მთავრობა ძირითადად კოვიდ-19-ით გამოწვეული ფინანსურ-ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრაზე კონცენტრირდა. უკვე ჯანზე მოსულმა ბორის ჯონსონმა მომსახურების სექტორის (პაბები, რესტორნები და კაფე-ბარები) ფეხზე დასაყენებლად მასიურ ეროვნული დახმარების პროგრამა “Eat Out to Help Out” (ქართულად ალბათ „იქეიფე და დაგვეხმარე“ შეიძლება დავარქვათ) გამოაცხადა, რაც აგვისტოს განმავლობაში, კვირის დასაწყისში ყველა სახის სადილზე 50%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებდა. სანამ ერთი ხელით ხორაგს არიგებდა, მეორე ხელით იმავე ჯონსონმა ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო იმ ლოზუნგით, რომ ჭარბწონიანობა კოვიდ-19-ის მძიმე ფორმებში განვითარების რისკს ზრდისო და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის კამპანიას ჩაუდგა სათავეში.

5%-ით შემცირდა 20%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადი მთელ რიგ პროდუქტებსა და მომსახურებაზე, ზაფხულის განმავლობაში ძალაში დარჩა ფინანსური შეღავათების დიდი ნაწილი: საბანკო დავალიანებების გადავადება, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო გამოსახლების შეჩერება, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქისთვის ხელფასის ოდენობის 80%-ის ანაზღაურება.

საგარეო ფრონტზე

სანამ პრემიერი ჯონსონი საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას წმინდა ტომასის ჰოსპიტალის ყურადღებიან პერსონალს მიანდობდა, მან მიმდინარე ბრექსიტის ფონზე, პარლამენტში უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ახალი ინტეგრირებული მიმოხილვის შემუშავებას შეუდგა.

სწორედ ამ ახალმა სტრატეგიულ დოკუმენტმა უნდა ასახოს ბრიტანეთის ახლებური როლი თანამედროვე მსოფლიოში და საქმედ აქციოს „გლობალური ბრიტანეთის“ პოლიტიკური ლოზუნგი. როგორც უკვე ჩანს, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ძირითადად რუსეთსა და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებთან გამკლავებაზე იქნება ორიენტირებული.

სადაც ჩინეთი ვახსენეთ, გვერდს ვერ ავუვლით ზაფხულში ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რითაც ჩინურ „ჰუავეის“ ბრიტანეთის 5G სტანდარტის მობილური ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში ჩართვას გზა გადაუღობა. ეს აშშ-ს ძლიერი ზეწოლის შედეგად მოხდა და პეკინი იმან განსაკუთრებით გააღიზიანა, რომ ლონდონმა ამით წლის დასაწყისში მიღებულ კომპრომისულ გადაწყვეტილებას უგანა, რომლის მიხედვითაც „ჰუავეის“ ეძლეოდა შესაძლებლობა მნიშვნელოვანი, თუმცა შეზღუდული მონაწილეობა მიეღო 5G პროექტში. ჯონსონის მთავრობას არც ჰონკონგში განვითარებული მოვლენები და უსაფრთხოების ახალი კანონი გამოჰპარვია თვალთახედვიდან, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც რთული ურთიერთობები ჩინეთთან.

ივლისში როგორც იქნა გამოქვეყნდა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიშს რუსეთის შესახებ (Intelligence and Security Committee Report on Russia). მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშმა ვერ წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის ჩარევამ რაიმე ფაქტობრივი გავლენა იქონია ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებულ 2016 წლის რეფერენდუმზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის მთავრობა სერიოზულად არ აღიქვამდა შიდა დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხეს და უსაფრთხოების ორგანოების მხრიდან საკმარისი ნაბიჯები არ გადაიდგა ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად. ანგარიშის მიგნებების თანახმად ბრიტანეთი რუსეთის დაზვერვისთვისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა.

აქვეა ნათქვამი, რომ ბრიტანეთზე რუსეთს დიდი გავლენა აქვს მაშინ, როცა პუტინის რუსეთი ცალსახა საფრთხედ ჩამოყალიბდა. ანგარიშს ისიც დაემატა, რომ, გაერთიანებული სამეფოს კიბერ-უსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა  რუსეთი კოვიდ-19 ვაქცინისა და მის მკურნალობასთან დაკავშირებული კვლევითი მონაცემების მოპარვის მცდელობაში გამოიჭირა.

ბოლოსიტყვაობის მაგიერ

ევროპის დედაქალაქებთან ერთად თბილისიც სუნთქვაშეკრული ელოდება ახალი, ბრექსიტის შემდგომი ბრიტანეთის დაბადებას. ცხადია, რომ ლონდონი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში კონტინენტის განუყოფელ ნაწილად რჩება და ჩვეულივე ფხიზელი და ანალიტიკური თვალით აფასებს საფრთხეებს, განსაკუთრებით რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან.

ცხადია ისიც, რომ ინოვაციების დარგში ბრიტანეთი კვლავაც ევროპის წინა ხაზზეა – ყველა ელის ოქსფორდის ვაქცინის გამოცდის შედეგებსა და სხვა სამედიცინო გარღვევებს.

თუმცაღა ბრექსიტმა და მისმა შედეგებმა, ასევე კოვიდ-19-ს ქარიშხალმა ბრიტანეთი სერიოზულად დაასუსტა. ერთი მხრივ ეკონომიკის ვარდნა ფრიად სერიოზულია. მეორეც, კვლავ გამოიკვეთა შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივები. ევროკავშირთან ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე შეუთანხმებლობამ ბრიუსელთან დაძაბა ურთიერთობა, ხოლო ირლანდიასთან ხისტი საზღვრის შესაძლო შემოღება ირლანდიის რესპუბლიკასთან და აშშ-სთან ურთიერთობებს დაასვამს დაღს.

რამდენად მოახერხებს ლონდონი ამ რთულ და კომპლექსურ პრობლემებთან გამკლავებას? ამ წლის განმავლობაში ბევრი რამ გაირკვევა. შევეცდებით, თვალი მივადევნოთ მთავარ მოვლენებს და თქვენც მოგახსენოთ.