პოლიტიკოსები IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“(IRI) 17 სექტემბერს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ამ კვირას რომ საპარალმენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულების 36% ხმას ქართულ ოცნებას, ხოლო 15% კი – ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულები მოქალაქეების წინაშე არსებულ მთავარ გამწვევად ეკონომიკურ სირთულეებს, კონკრეტულად კი – უმუშევრობას ასახელებენ.

კვლევის შედეგებს ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას იმაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ეს კვლევის შედეგებშია ასახული. „არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც ჩანს, რომ ქართულ ოცნებას აქვს 56%-იანი და კიდევ უფრო მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან“.

„უმუშევრობა, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი გამოწვევა სერიოზული, რომელზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არის ჩვენი ყველა სამთავრობო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი“, – თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ქართულ ოცნებას 60%-მდე მხარდაჭერა აქვს.

ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი – „როდესაც, რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ [გამოკითხულების] 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, თუ ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება პირდაპირ ჩაითვალოს უთვამოყვარეოდ“.

მმართველი გუნდისგან გასხვავებით, კვლევა შედარებით დადებითად შეაფასეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომელთაც აღნიშნეს, რომ მმართველ ძალას მომავალი მთავრობის დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ის რესპონდენტები, რომელთაც ფავორიტი პარტიის დასახელებაზე უარი თქვეს, ძირითადად, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. „ასე რომ, ქართული ოცნება უნდა შეუდგეს ხელისუფლების გადაბარების პროცესს, უნდა შეეგუოს მარცხს“, – განაცხადა მან.

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ კვლევები საზოგადოების „ფუნდამენტური ცვლილებებისთვის“ მზაობას ცხადჰყოფს. კაპანაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტის აზრით, „ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება“.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი კვლევის მეთოდოლოგია გააკრიტიკა. მისი აზრით, გამოკითხვის ახალი კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული კითხვებით დაწყება შეცდომა იყო. „მთავარი კვლევა იქნება 31 ოტომბერს, როცა ხალხი გადაწყვეტს ხელისუფლების ცვლილებას,” – დასძინა ვაშაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)