ქართველი პოლიტიკოსები ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშს აფასებენ
ევროპარლამენტმა 16 სექტემბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში მიიღო. დოკუმენტი რეფორმებისა და ახალი კანონების მიღების კუთხით ქვეყნის პროგრესს დადებითად აფასებს, თუმცა გარკვეულ ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, სასამართლო სისტემაში. დოკუმენტს, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტარების მაღალ მოლოდინებს უსვამს ხაზს, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ანგარიში „დადებითად აფასებს“ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე, ფართომასშტაბიან რეფორმებს და კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს. მანვე „ევროპელი პარტნიორები“ დაარწმუნა, რომ „საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში“.
„ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპის ნდობას საქართველოს მიმართ და მომავალშიც მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიღებული ეს სიკეთე, რასაც ჰქვია უვიზო მიმოსვლა და ასევე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან – იყოს დაცული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ევროკავშირის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსული აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისივე თქმით, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ჰუმანიტარულ პრობლემებზე, მათ შორის, დევნილთა დაბრუნების საკითხზე.
ევროპარლამენტის მოწოდებაზე საუბრისას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში „პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს“. „არიან პოლიტიკური კრიმინალები, რომლებსაც შეეფარდათ კონკრეტული სასჯელები და ასეთი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა რჩებოდნენ“, – განაცხადა მან.
კობახიძემ ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკას „რბილი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ერთგვარი კომპრომისი გამონახეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც, მათ შორის, არ ეთანხმებოდნენ თვითონ ამ ჩანაწერს. ევროპარლამენტში უმრავლესობა ამ ჩანაწერს არ ეთანხმებოდა, თუმცა გარკვეული კომპრომისის გამოძებნა ყოველთვის არის საჭირო“.
ანგარიში ოპოზიციაშიც შეაფასეს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „ეს არის სწორედ ის პრობლემები, რაც უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, იმას რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებთან დაკავშირებით და ევროპარლამენტი პირდაპირ აფრთხილებს საქართველოს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები – ეს იქნება ტესტი ქართული დემოკრატიისთვის და, შესაბამისად, ჩვენი ევროპული მომავალიც არის დიდწილად სწორედ დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უახლოეს არჩევნებზე“.
„თუ გავითვალისწინებთ იმ გზავნილებს, რაც გააჟღერეს ევროპარლამენტარებმა, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ვფიქრობ გასაგებია, რომ დღეს მთავარი დაბრკოლება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი“, – დასძინა მან.
„ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება ქართული ოცნების მთავრობისა მე ჩემს პრაქტიკაში უბრალოდ არ მახსოვს“, – განაცხადა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა. „ევროპარლამენტი მზად არის და მომწიფებულია საქართველოში ცვლილებებისთვის – გარდამტეხი ცვლილებებისთვის“, – დასძინა მან.
პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარემ და დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ამ ანგარიშში, ისევ და უკვე მერამდენედ, ხვდება კრიტიკა მართლმსაჯულების რეფორმის მიმართ, ხელისუფლების არასწორი და დემოკრატიის საზიანო გადაწყვეტილებების გამო. ეს არის ყველაზე საყურადღებო“.
„ყველაზე მეტად, ყველა დოკუმენტში და, მათ შორის, ამ რეზოლუციაშიც აკრიტიკებენ ხელისუფლების ნაბიჯებს მართლმსაჯულების გზაზე. მეორე საკითხი, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გადაწყვეტილებები და საბოლოოდ არჩევნები, რომელსაც ახლა ყველა უყურებს გამადიდებელი შუშით“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)