მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულდა
11 დღიანი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტიორი 2020“, რომელშიც საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა, დასრულდა. სწავლების საზეიმო დახურვის ცერემონიალი 18 სექტემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.
სწავლება 7-18 სექტემბერის პერიოდში, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა. საერთაშორისო სამხედრო სწავლებას საქართველომ წელს უკვე მეხუთედ უმასპინძლა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დახურვის ცერემონიალს, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის მიზანი „თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა“, რომელიც „შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში“ შეიტანს საკუთარ წვლილს.
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ სიტყვაში პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით უფრო ძლიერი და დაცულია“.
მანვე საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის მრავალწლიანი ისტორიაც გაიხსენა, ქართველი სამხედროების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიური მონაწილეობა აღნიშნა და თქვა, რომ „ალიანსის წევრობა არის ჩვენი მყარი მიზანი“.
„ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონული და გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ყუდაღება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზეც გაამახვილა და თქვა, რომ აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის ერთ-ერთი „უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“.
„მრავალეროვნული წვრთნებით და მუდმივი მზადყოფნით ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, ვაუმჯობესებთ ურთიერთთავსებადობას და ვინარჩუნებთ რეგიონში უსაფრთხო გარემოს“, – ასე მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თქვა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ არის „ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მშვიდობიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოს მიმართ“.
მისივე თქმით, „ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ქვეყანაში რუსული ოკუპაცია“ სწორედ „ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და დემოკრატიის განმტკიცებით შესრულდება“.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით თქვა, რომ „საქართველოს თავდაცვის ძალები ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საიმედო დასაყრდენია“. მისივე განცხადებით, „საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატოში გასაწევრიანებლად“.
არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორ – აშშ-ს და მეგობარ სახელმწიფოებს „საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „სამართლიან და გამჭვირვალე“ პირობებში ჩატარების პირობაც დადო.
„არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას“.
ქვეყნის თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობას გაუსვა ხაზი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც და თქვა: „აღნიშნული სწავლებებით ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო ღრმავდება“.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წელს ჩატარებული „ღირსეული პარტნიორი“ და მომავალ წელს დაგეგმილი „მტკიცე სული“ სწორედ ამის დასტურია.
მანვე 2020 წელს ქვეყანაში დაგეგმილ ნატო-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული „ნატოსთან ჩვენს სამაგალითო თანამშრომლობას ადასტურებს“. „ძალა პარტნიორობაშია“, – დასძინა ღარიბაშვილმა სიტყვის დასასრულს.
შეკრებილებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც მიმართა და სწავლების ორგანიზატორებს „არსებული რთული გარემოებების“ მიუხედავად წვრთნების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ სწავლების წარმატებით დასრულება ერთგვარი გზავნილია იმისა, რომ „ერთად ძლიერები ვართ“.
„უდავოა, რომ საქართველო აშშ-ის და ნატოს ძალების ერთგული სტრატეგიული პარტნიორია“, – თქვა დეგნანმა და დასძინა, რომ იმ გზაზე სვლა, რომელიც „ურთიერთობების გაღრმავებას და მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას ემსახურება“, მომავალშიც გაგრძელდება.
სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყო
- საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „ღირსეულ პარტნიორს“ უმასპინძლებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)