ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენას ოპტიმისტურად უყურებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 სექტემბერს ტელეკომპანია RTVI-სთან საუბარში განაცხადა, რომ გამოჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას და გაუმჯობესებას ემხრობიან. „ეს ჯერჯერობით პატარა პარტიებია მმართველ ელიტაში“, – განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ერთმანეთისადმი ლტოლვა საბოლოო ჯამში იზეიმებს“ და დასძინა, რომ „პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, არ დაუშვან საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალურ რელსებზე დაბრუნება, შეარცხვენენ“.
ლავროვმა ასევე საქართველოსთან სავიზო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად ქართველებს არ ეზღუდებათ რუსეთში ვიზებით ჩასვლა და რომ იმ პირთა სია, რომელთაც ვიზის აღება შეუძლიათ, კიდევ უფრო გაფართოვდა. წინა განცხადებების მსგავსად, ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2020 წლის ივნისის მოვლენების გამო ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება შეფერხდა.
ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც გააკეთა კომენტარი და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატები კონფლიქტის გაჩაღებაში დაადანაშაულა.
„ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ სააკაშვილის თავშეუკავებლობის შესახებ, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა შეთანხმება და დანაშაულებრივი ბრძანება გასცა“, – დასძინა ლავროვმა.
ასევე წაიკითხეთ:
- „სირცხვილია“ – ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან
- მმართველ გუნდში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს აფასებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)