ევროპელ სოციალისტთა დელეგაცის წევრები საქართველოს პროვინციებს ესტუმრებიან
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 19 სექტემბერი, N212
ევროპ. სოც. დელეგაცია პროვინციაში
19 სექტემბერს დილით დელეგაცია მიემგზავრება სამხედრო გზით ყაზბეგში, სადაც მოხევეთა თხოვნის თანახმად გაიმართება მიტინგი.
20 სექტემბერს დელეგაცია დაბრუნდება ტფილისში.
21 სექტემბერს დილით დელეგაცია გაემგზავრება კახეთში; სადგურ გურჯაანში მოხდება მიტინგი. იმ ღამეს დარჩებიან წინანდლის მამულში.
22 სექტემბერს კი დაბრუნდებიან ტფილისში.
23 სექტემბერს დილით გაემგზავრებიან ბორჯომში. ცოტა ხნით შეჩერდებიან სადგურ გორში და ხაშურში.
23 სექტემბერს ღამით გაემგზავრებიან სადგურ შორაპანში, საიდანაც დილის 6 საათზე 24 სექტემბერს გაემგზავრებიან ჭიათურაში სადაც მივლენ 9 საათზე.
ჭიათურიდან დაბრუნდებიან საღამოს და ღამით გაემგზავრებიან სადგურ ტყიბულში, სადაც იქნებიან 25 სექტემბერს დილით.
25 სექტემბერს ნაშუადღევს 3 საათზე დაბრუნდებიან ქუთაისში, ქუთაისიდან ღამით გაემგზავრებიან ფოთში.
26 სექტემბერს დილის 6 საათზე გაჩერდებიან სადგურ სამტრედიაში, გაჩერდებიან სადგურ აბაშაში 8 საათზე, ქალაქ ახალსენაკში იქნებიან 10 საათზე.
იმავე დღეს ნაშუადღევს 2 საათზე დელეგაცია მივა სადგურ ფოთში. იმავე ღამეს დელეგაცია გამგზავრება გურიაში.
27 სექტემბერს დილის 7 საათზე იქნებიან სადგურ ლანჩხუთში, 8 საათზე სადგურ სუფსაში, 9 საათზე სადგურ ნატანებში და 12 საათზე ქალაქ ოზურგეთში. ნაშუადღევს 4 საათზე წამოვლენ ოზურგეთიდან ნატანებით ქალაქ ტფილისში. ტფილისში დარჩებიან 27 და 28 სექტემბერს, დაათვალიერებენ მუშათა და საზოგადოებრივ დაწესებულებებს. 30 სექტემბერს დელეგაცია მიემგზავრება ბათუმიდან ევროპაში. არავითარი ცვლილება მგზავრობის ამ წესრიგში არ იქნება შეტანილი.
სოციალისტთა დელეგაციას პროვინციებში ყველგან გაყვება საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი კონსტანტინე გვარჯალაძე, დამფუძნებელი კრების წევრები დავით შარაშიძე და ვიქტორ თევზაია, ასევე ნაზაროვი, ილია სადრაძე და პრესის წარმომადგენელი ლეონ რუხაძე.
ბორჯომში დელეგაციას გაყვება ნოე ჟორდანია, კახეთში ნოე ხომერიკი, იმერეთში ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი, დუშეთში დამატებით გაყვებიან: ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი და დავით ჩხეიძე. დეპუტატები წინდაწინვე მიდიან და პროვინციებში ადგილობრივად ხვდებიან. ზემოაღნიშნულ პირებს გარდა დელეგაციისა გაყოლა არ შეიძლება.