ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო წვრთნები „კავკაზ-2020“ დაიწყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 21 სექტემბრის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედროების მონაწილეობით რუსული სამხედრო წვრთნები – „კავკაზ 2020“ დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებში 1 500-ზე მეტი ჯარისკაცი და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, რომელთაც წებელდას და ნაგვალოუს პოლიგონებზე 150-კილომეტრიანი მარებში განახორციელეს.
რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს, წვრთნებში აქაც 1 500 ჯარისკაცი მონაწილეობს, რომელთაც სამხედრო ტექნიკის 300 ერთეულით მარში „ძარცემის პოლიგონზე“ განახორციელეს.
ორივე რეგიონში წვრთნები მიმდინარე კვირას გაგრძელდება. აფხაზეთში მისი სცენარი ოკუპირებული რეგიონის მთებსა და ზღვის სანაპიროზე სავარაუდო მტრის განადგურებას ითვალისწინებს. ხოლო ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წვრთნების მიზანი კი – დანაღმული მანქანების წინააღმდეგ საბრძოლველად სარეზერვო შენაერთების მომზადებაა.
„კავკაზ-2020“, რომელიც 26 სექტემბრამდე გასტანს, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქს მოიცავს. მასში სულ ჩართულია 8 000-ზე მეტი არტილერისტი, 3 000-ზე მეტი ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ორი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ორივე ბაზა (მე-7 აფხაზეთში, მე-4 ცხინვალში) სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია.
ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ხელმძღვანელობით გამართული წვრთნების გამო შეშფოთება არაერთხელ გამოთქვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)