FinCen-ის ფაილები: ქართული ბანკების კვალი 193 საეჭვო ტრანზაქციაში
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქართული ბანკების მონაწილეობით განხორციელებული 193 ტრანზაქცია პოტენციურად საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
მონაცემები აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის (FinCen) მიერ ცოტა ხნის წინ გავრეცელებულ ფაილებს ეფუძნება, რომლებიც საეჭვო საქმიანობების შესახებ ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ FinCen-ისთვის გაგზავნილ ფინანსურ ანგარიშებს მოიცავს.
ქართული ბანკების მონაწილეობით განხორციელებული ტრანზაქციები
193 საეჭვო ფინანსური ტრანზაქციიდან, 167-ში „თიბისი ბანკი“ მონაწილეობდა, რომელმაც 17 884 899 აშშ დოლარი გადარიცხა, ხოლო 1 012 080 აშშ დოლარი მიიღო. დოკუმენტებში ცალკეა გამოყოფილი თიბისი ბანკის მიერ კიდევ ერთი გადარიცხული თანხა – 2 489 აშშ დოლარის ოდენობით. „საქართველოს ბანკი“ 25 საეჭვო ტრანზაქციაში მონაწილეობდა და მან, საერთო ჯამში, 81 000 აშშ დოლარი გადარიცხა, ხოლო 8 042 752 აშშ დოლარი მიიღო.
რაც შეეხება მიმღებ პირებს და გამგზავნებს, 193 ტრანზაქციიდან 161, რომლის საერთო ოდენობაც 16 084 899 აშშ დოლარს შეადგენდა, „თიბისი ბანკიდან“ შვეიცარიულ კომერციულ ბანკში Habib Bank A G Zurich 2007 წლის 17 ოქტომბრიდან 2011 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში გადაიგზავნა. კიდევ ორი ტრანზაქცია იმავე ბანკში 81 000 აშშ დოლარის ოდენობით „საქართველოს ბანკმა“ 2011 წელს განახორციელა.
ამას გარდა, „საქართველოს ბანკმა“ 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2016 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში საბანკო ჯგუფთან Raiffeisenbank 7 628 334 აშშ დოლარის ოდენობის 13 ტრანზაქცია განახორციელა.
რაც შეეხება სხვა ტრანზაქციებს, „თიბისი ბანკმა“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე National Bank of Ras-იდან 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 15 იანვრამდე პერიოდში 1 012 080 აშშ დოლარი მიიღო. 2012 წლის 10 დეკემბერს 1 800 000 აშშ დოლარი გადაირიცხა „თიბისიდან“ რუსულ „სბერბანკში“, ხოლო 2016 წლის 2 თებერვლიდან 2016 წლის 22 მარტამდე პერიოდში განხორციელებული 10 ტრანზაქციის შედეგად, „საქართველოს ბანკში“ 414 418 აშშ დოლარი გადაირიცხა მოლდოვაში მდებარე Bc Procredit Bank S.A.-დან.
ტრანზაქციები აშშ-ში მდებარე სამი ბანკის მეშვეობით დამუშავდა, რომელთაც ინფორმაცია საეჭვო საქმიანობის შესახებ FinCEN-ს მიაწოდეს. ტრანზაქციების ყველაზე დიდი რაოდენობა (191 – 16 165 899 აშშ დოლარი გაგზავნილი და 9 054 832 აშშ დოლარი მიღებული) The Bank of New York Mellon Corporation-მა დაამუშავა. Deutsche Bank AG-მა და JP Morgan Chase & Co-მ თითოეულმა თითო ტრანზაქცია დაამუშავეს.
მონაცემთა ბაზა საქართველოსთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციების შესახებ რაიმე დამატებით მონაცემს არ შეიცავს.
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ფინანსური ანგარიშები საეჭვო საქმიანობის შესახებ ასახავს ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებში მაკონტროლებელი ორგანოების წუხილებს და გარდაუვლად არ მიანიშნებს რაიმე კრიმინალურ ქმედებაზე ან სხვა კანონდარღვევაზე“.
ქართული ბანკების პასუხი
22 სექტემბერს, „საქართველოს საბანკო ასოციაციამ“, რომელიც ქვეყნის ყველა ძირითად საფინანსო ინსტიტუტს აერთიანებს, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ანგარიშში, რომელშიც ბანკების მიერ მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციაა გამოყენებული, „საუბარია 2007 – 2016 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რომელთა მთლიანი მოცულობიდან საქართველოზე 0.08 პროცენტი მოდის“.
„საბანკო ასოციაციამ“ აღნიშნა, რომ „საქართველოს საბანკო სფეროს საქმიანობას მკაცრი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც „არეგულირებს ბანკების მხრიდან ყველა ქმედებას, მათ შორის, ტრანზაქციების განხორციელებასაც“.
„საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, ყველა ბანკი აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აწვდის“, – განაცხადა ასოციაციამ და დასძინა, რომ „კლიენტის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ბანკები ვერ გაასაჯაროვებენ აღნიშნული ტრანზაქციების დეტალებს“, თუმცა ისინი მოქმედებენ კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად და მზად არიან თანამშრომლობისთვის.
რა არის FinCEN-ის ფაილები?
FinCen-ის ფაილები გაჟონილი დოკუმენტებია, რომლებიც ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ საეჭვო საქმიანობების შესახებ FinCen-ისთვის გაგზავნილ 2 100-ზე მეტ ფინანსურ ანგარიშს მოიცავს.
აღნიშნული დოკუმენტები გამოცემა BuzzFeed News-მა მოიპოვა, რომელმაც თავის მხრივ ეს მასალები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გადასცა. კონსორციუმი 88 ქვეყნიდან 400 ჟურნალისტს აერთიანებს, რომელთა მიზანიც საეჭვო ტრანზაქციების აღმოჩენა და გამოძიებაა.
ფაილებში ასახულია, თუ როგორ დაეხმარნენ დიდი ბანკები კრიმინალურ ქსელებს ძალიან დიდი ოდენობის უკანონო ფულის მოძრაობაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტი დაჯარიმდა იმის გამო, რომ ვერ შეძლეს „ბინძური ფულის ნაკადების შეჩერება“.
„დოკუმენტებში ასახულია 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციები 2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომლებიც ფინანსური ინსტიტუტების შიდა მონიტორინგის თანამშრომლებმა ფულის გათეთრებად ან სხვა კრიმინალურ ქმედებად შეაფასეს“, – განაცხადა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა და დასძინა, რომ ეს ფაილები დაახლოებით 0.02%-ია 12 მილიონი საეჭვო საქმიანობის შესახებ იმ ფინანსური ანგარიშებისა, რომლებიც ფინანსურმა ინსტიტუტებმა 2011 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში FinCEN-ს წარუდგინეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)