არასამთავრობოებმა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე ალტერნატიული ანგარიში გამოაქვეყნეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (GYLA) გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულების შესახებ კოალიციური ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს.
გაეროსთვის 17 აგვისტოს წარდგენილი ანგარიში 22 სექტემბერს გამოქვეყნდა და ის საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან მიმართებით ბოლო 6 წლის განმავლობაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს ასახავს. დოკუმენტი საანგარიშო პერიოდში მომხდარ ინდივიდუალურ უფლებადარღვევის ისეთ მძიმე საქმეებს მიმოხილავს, როგორებიცაა: თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, აფგან მუხთარლის გატაცება, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევები, დევნილთა მძიმე სოციალური მდგომარეობა, გამოხატვის, მედიისა და შეკრების თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები და სხვ.
გამოხატვის თავისუფლება, მედია
ანგარიშის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება, ბოლო 6 წლის განმავლობაში, პრობლემურ საკითხად რჩება, ვინაიდან 2017-2019 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას მედიის რეგულირება სურს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მრჩეველთა საბჭოს მიერ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გათავისუფლება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდას“ უკავშირდება.
სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების ნეგატიური ხელყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევაა.
დოკუმენტი სიცოცხლის უფლების დარღვევის კონტექსტში ყურადღებას შრომის უსაფრთხოებასა და მშრომელთა გარდაცვალების შემთხვევებზეც ამახვილებს.
2017 წელს თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საუბრისას, ანგარიში აღნიშნავს, რომ „გენერალური პროკურატურა სამი წელია უშედეგოდ აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არავის მიმართ დამდგარა“.
ოკუპირებული რეგიონები – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
ანგარიში რუსული ოკუპაციის კონტექსტში თვითნებური დაკავებების პრაქტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით არსებული მდგომარეობა „კვლავ საგანგაშოა“. „ყოველწლიურად ასობით საქართველოს მოქალაქე ხდება ამ დანაშაულის მსხვერპლი, მათ შორის, ქალები და ბავშვები“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც დასძენს, რომ „დაკავებულების ბრალდება და მსჯავრდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, საქმის სამართლიანი განხილვისა და პროცედურულ გარანტიებზე სათანადო წვდომის გარეშე ხდება“.
არასამთავრობო ორგანიაციებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ცხინვალში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით 2019 წლის სექტემბერში მას შემდეგ გაუარესდა, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ის ერთადერთი გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად ახალგორიდან, საქართველოს კონტროლიდებად ტერიტორიაზე გადმოდიოდა. „ახალგორში სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა, რადგან ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა სასიცოცხლო სერვისების მისაღებად თბილისში გადმოსულიყვნენ. რამდენიმე შემთხვევა ფატალურადაც დასრულდა, როდესაც პაციენტებისთვის სწრაფი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
უმცირესობების უფლებები
უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოში კვლავ პრობლემურია, ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, „ეთნიკური უმცირესობების კულტურის პოლიტიკა არ ეფუძნება თანასწორობის მიდგომებს და რეგიონებში ხშირად მას ინტეგრაციის ნაცვლად, ასიმილაციის სახე უფრო აქვს“.
პაქტის 27-ე მუხლის მიხედვით, „ეთნიკურ უმცირესობებს სახელმწიფომ უნდა შეუქმნას საკუთარი კულტურით, აღმსარებლობითა და ენით თავისუფლად სარგებლობისა და განვითარების უფლება“. თუმცა, ანგარიში აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობების ფუნდამენტური უფლებების დაცვა, განსაკუთრებით პრობლემურია ქვემო ქართლში, სადაც 80% სწორედ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)