იტალიური გაზეთი ევგენი გეგეჭკორთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს
გაზ. ერთობა, 1920 წლის 21 სექტემბერი, N214
საგ. საქმ. მინისტრის ევგენი გეგეჭკორის განცხადება
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. პ. გეგეჭკორმა რომის გაზეთ „ტრიბუნა“-ს თანამშრომელთან საუბრის დროს განაცხადა: „საქართველო, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღიდანვე, ცდილობდა მახლობელი და მეგობრული დამოკიდებულება დაეჭირა დასავლეთ ევროპის კულტურულ სახელმწიფოებთან. ამგვარ დამოკიდებულების განვითარებას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ საქართველოში იმყოფებიან ევროპის სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლები და პირიქით, ევროპაში არიან საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც ყოველგვარ ღონისძიებას ღებულობენ, რათა ევროპას გააცნონ საქართველო და დაიკავონ მასთან მჭიდრო კავშირი. საქართველოს განვითარება ეკონომიურ, კულტურულ და ფინანსიურ ფარგლებში აყენებს მთელ რიგს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვენ. ამ საკითხების შესახებ საქართველოს დედა ქალაქიდან ევროპის სატახტო ქალაქებში მიწერ-მოწერას დიდი დრო უნდება და ამიტომ რესპუბლიკის მთავრობამ საჭიროდ სცნო პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართოს ევროპის პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან“.
იტალიის შესახებ ევგენი გეგეჭკორმა სთქვა: „მე ბედნიერი ვარ განვუცხადო იტალიურ გაზეთის თანამშრომელს, რომ ქართველი ხალხი აღსავსეა იტალიისადმი ღრმა სიყვარულის გრძნობებით. კარგად ვიცნობ იტალიას, დიდი ხანია მიყვარს ის და ვიხიბლები მით. იტალია პირველი იყო სხვა სახელმწიფოთა შორის, რომელმაც დაიკავა კავშირი და მხარი დაუჭირა მის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებას. იტალიაში მე ის მიზანი მაქვს, რაც სხვაგან. ვფიქრობ, საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოები დავიხმაროთ ამ მიზნის შესრულებაში. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ იტალია მეგობრულადაა განწყობილი საქართველოსადმი, რაც სხვათა შორის, ამერიკის ნოტაზე რუსეთის საკითხის შესახებ გაცემულმა პასუხმაც დაამოწმა.
ამ ნოტის შესახებ მე გარკვეულად შემიძლია ვსთქვა – ყოველ ქართველს, განურჩევლად პოლიტიკურ მიმართულებისა და საზოგადოებრივ მდგომარეობისა ძლიერ დაამწუხრებს ის გარემოება, რომ შეერთებული შტატები, რომლებიც ამას წინად ერთა თვითგამორკვევის მხურვალე დამცველი გამოდიოდა, ახლა ერთი კალმის მოსმით ქართველი ხალხის უდაო ისტორიულ და ეროვნულ უფლებას თვითგამორკვევისა უარყობს. მოვალედ ვრაცხავ თავს განვაცხადო ჩემი ღრმა პროტესტი ამერიკის ნოტაში გამოთქმულ საქართველოს დამოუკიდებლობის სამტრო აზრების წინააღმდეგ. ამასთანავე უნდა განვაცხადო: თუ საქართველო, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთში ანარქია ბობოქრობს ისე სდგას, როგორც სალი კლდე და მედგრად იცავს თავის თავისუფლებას ყოველგვარ საფრთხისაგან, ამაში ის თავის თავს, თავის დემოკრატიის შემოქმედებით ძალებს უნდა უმადლოდეს.
კოლბს შეუძლია არ დაგვიჯეროს ჩვენ, მაგრამ უნდა დაუჯეროს შეერთებული შტატების წარმომადგენელს საქართველოში, რომელმაც ამას წინად დაასრულა იქ მუშაობა. გარკვევით უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი რესპუბლიკა მეამბოხე რესპუბლიკა არაა, როგორც ეს ნოტაშია აღნიშნული. არა, საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიული და უდაო ფაქტია. თუ ზოგიერთი სახელმწიფო დღეს ამას ანგარიშს არ უწევს, ამა თუ იმ მოსაზრებით, ხვალ გაუწევს, ვინაიდან ასეთია პატარა, მაგრამ სულით ძლიერი ხალხის ნება.
ამერიკის ნოტა აღიარებს ფინლანდიის, პოლონეთის და სომხეთის ლტოლვას დამოუკიდებლობისაკენ იმიტომ, რომ ეს მხარეებით ძალით იყო რუსეთთან შეერთებული, მაგრამ იმავე უფლებას არ გვანიჭებს ჩვენ იმ მოსაზრებით, რომ საქართველო 120 წლის წინად ნებაყოფილობით შეუერთდა რუსეთსო. ჩვენ ძლიერ შორს ვართ იმისაგან, რომ ვუარყოთ ამა თუ იმ ერის თვითგამორკვევის უფლება, მაგრამ სამართლიანად მიმაჩნია ვიკითხო: შეიწუხა თავი იმ კოლბმა, რომ გასცნობოდა რუსეთზე საქართველოს შეერთების პირობებს? თუ ამის გაგებაზე მან თავი შეიწუხა, მას ეცოდინება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდვა ურთიერთ ხასიათის ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფოს სახელმწიფოსთან შეთანხმებას წარმოადგენდა. ეს ხელშეკრულება რუსეთს ავალდებულებდა საქართველოს წინაშე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორია დაეცვა უცხოეთის საფრთხისაგან. ეს ხელშეკრულება რუსეთმა დიდი ხანია დაარღვია. 3 წლის წინად ბალშევიკურმა რუსეთმა, რუსეთის უკანასკნელი ვალდებულება ქართველი ხალხისადმი უარყო. იმ დროს, როდესაც მსოფლიო ომი იყო, რუსეთის ჯარმა დასტოვა ამიერ-კავკასიის ფრონტი და საბჭოთა დიპლომატიამ კი ბრესტის ხელშეკრულებით ბათომი ოსმალეთს მისცა,თუმცა ბათომის ოლქი საქართველოს ნაწილს შეადგენდა.
ჩენ არ გვქონდა შემთხვევა და შესაძლებლობა აღგვედგინა თანამედროვეთა ხსოვნაში ძველი რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება. ქართველ ხალხს დარჩა მხოლოდ ერთი საშუალება – ხელახლა შესდგომოდა თავის სახელმწიფოებრივ ცხოვრების შენებას. მე დარწმუნებული ვარ, როცა შეერთებული შტატები გაეცნობიან ამ აქტებს, აღიარებენ ჩვენს უფლებას დამოუკიდებლობაზე, როგორც იცნობს ამას ერთა ლიგა. ჩენ მრავალი მსხვერპლი შევწირეთ დემოკრატიზმის პრინციპის განმტკიცებას ამიერ-კავკასიაში საერთაშორისო უთახმოების გადაწყვეტის დროს და ამიტომ ხალხთა ლიგის მიერ აღიარებულ ძირითად იდეას ჩვენ ვსთვლით ჩვენი დროის საერთაშორისო პოლიტიკის უდიდეს იდეათ“.
დასასრულს ე. პ. გეგეჭკორმა კორესპონდენტის კითხვაზე – გაარჩევს თუ არა ერთა ლიგა თავის უახლოეს კრებაზე საქართველოს საკითხს, უპასუხა: – „ეჭვი არ მაქვს, რომს აქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება, რადგან ერთა ლიგა არის დაწესებულება, რომლის მიზანია მოაგვაროს ხალხთა შორის დამოკიდებულება, დამყარებული უფლებიანობაზე და სამართლიანობაზე. საქართველოს ხალხის თავისუფლების, მისი უდაო უფლების, დამოუკიდებლობის და მშვიდობიანობის სურვილის უარყოფა, იქნება ძალადობა ხალხზე და უფლებრივი ნორმების დარღვევა. მე არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ამას იზამს ერთა ლიგა, რადგან ეს იქნება მაჩვენებელი იმისა, რომ თვით ერთა ლიგას არ სწამს ის იდეალები, რომლის განსახორციელებლად და განსამტკიცებლად არის ის მოწვეული“. (საქართველოს დეპეშათა სააგენტო).