EBRD-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 217 მლნ ევროს გამოუყოფს
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან“ (EBRD) 217 მლნ ევროს მიიღებს.
EBRD-ის 22 სექტემბერის განცხადებით, მართალია, ევროობლიგაციების დაფარვის ვადა 2021 წლის 21 აპრილს იწურება, თუმცა, კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის გათვალისწინებით, ნავთობისა და გაზის კორპორაცია 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თავდაპირველი სასესხო ვალდებულების გადახდას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს. შესაბამისად, კომპანიას სესხი წინასწარ გამოუყო.
ბანკი აღნიშნავს, რომ დახმარების მიზანი „ნაღდი ფულის ნაკადების ზეწოლის შემსუბუქება და ლიკვიდობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაა“.
სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავპირველად, ხუთი წლის ვადით, 2012 წელს განათავსა და 250 მილიონი აშშ დოლარი ისესხა. 2016 წლის აპრილში, კორპორაციამ ფინანსური ვალდებულება ვადაზე ადრე წარმატებით დაფარა და ბირჟაზე ევროობლიგაციები ხელახლა განათავსა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)