აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს 

აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი 24 სექტემბერს თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები. უწყებისვე განცხადებით, მხარეებმა რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე დევნილთა მიერ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ თბილისმა ბაქოს მიაწოდა ახალი კარტოგრაფიული მასალები, დოკუმენტები და ექსპერტული დასკვნები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის იმ შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია განთავსებული.

„ახალმა გარემოებებმა შესაძლოა გარკვეულწილად წარმოქმნას პროცესის ახლებური მიმართულება, მათ შორის, არ გამოვრიცხავ, ვთქვათ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“, – განაცხადა ზალკალიანმა და იმედი გამოთქვა, რომ „ამ მასალებზე, ახალ გარემოებებზე დაყრდნობით და მთელ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება პროგრესი კომისიის ფარგლებში“.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მინისტრებმა უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მკაცრი დაცვით მოაგვარების საერთო ხედვას გაუსვეს ხაზი. მისივე თქმით, ორი ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მინისტრმა ბაირამოვმა აღნიშნა, რომ „გაჭიანურებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას რეგიონში და თავის კოლეგას ცოტა ხნის აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო პროვოკაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებისვე ცნობით, მხარეებმა სამხრეთის გაზის დერეფნის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას ნავთობსადენების, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს. „მინისტრებმა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალს და მისი სრულად გამოყენების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

თბილისში ვიზიტის დროს, ბაირამოვი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერთ კახაბერ კუჭავასთან და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)