Facebook-მა რუსული ქსელი გააუქმა, რომლის სამიზნეც საქართველო იყო 

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა განაცხადა, რომ საკუთარ პლატფორმაზე რუსულ შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ქსელი გააუქმა, რომელიც Facebook-ის 214 მომხმარებელს, 35 გვერდს, 18 ჯგუფს და Instagram-ის 34 ანგარიშს აერთიანებდა. ქსელი „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში“ იყო ჩართული და სხვა ქვეყნებთან ერთად, მისი სამიზნე საქართველოც იყო.

24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, Facebook-მა აღნიშნა, რომ  ქსელის სამიზნე ძირითადად სირია და უკრაინა, ასევე გარკვეულწილად თურქეთი, იაპონია, სომხეთი, საქართველო, ბელარუსი და მოლდოვა იყო. „მისი საქმიანობა მცირე დოზით ასევე შეეხებოდა გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნა რა, რომ „კამპანიაში ჩართული ადამიანები ბევრ ენაზე წერდნენ, მათ შორის, ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად და არაბულად, ვინაიდან მათი საქმიანობა სწორედ აღნიშნულენოვან აუდიტორიაზე იყო მორგებული“, Facebook-მა განაცხადა, რომ ისინი ინფორმაციას ხშირად ისეთ საკითხებზე აქვეყნებდნენ, როგორებიცაა – სირიის ომი, თურქეთის საშინაო პოლიტიკა, გეოპოლიტიკური საკითხები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ნატო, ომი უკრაინაში, ასევე პოლიტიკა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში“.

Facebook-ის ინფორმაციით, მართალია, ეს პირები საკუთარი იდენტობისა და კოორდინაციის დამალვას შეეცადნენ, გამოძიებამ ყველა ეს ჯგუფი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის, სამხედრო დაზვერვის სამსახურებს დაუკავშირა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)