ლეიბორისტულმა პარტიამ მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები წარადგინა
ლეიბორისტულმა პარტიამ 26 სექტემბერს, თბილისში, მეტეხის ტაძრის ეზოში გამართულ შეკრებაზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქიდან 10-ში საკუთარი კანდიდატები წარადგინა. პარტიამ დღესვე მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა.
ცნობილია, რომ თბილისში, პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება. მისი ვაჟი, ბექა ნათელაშვილი კი – ამომრჩევლის გულის მოგებას მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში ეცდება.
ამასთან, პარტიის სახელით კიდევ 8 მაჟორიტარულ ოლქში მანდატებისთვის შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:
- ნიკა ვარდოშვილი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი;
- მიხეილ ქუმსიშვილი – რუსთავის მუნიციპალიტეტი;
- ალი ბადიროვი – მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
- თემურ წიკლაური – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
- გიორგი ჩიტაური – ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;
- სამსონ გუგავა – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
- დავით მამალაძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
- ტარიელ კალანდარიშვილი – ბათუმის მუნიციპალიტეტი.
ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველ ნომრად ზურაბ ლომია დაასახელა.
ამასთან, ქუთაისის მერობისთვის ლეიბორისტული პარტიის სახელით ირაკლი კიკვაძე, კასპის მერობისთვის კი – ოთარ ქოსაშვილი იბრძოლებს.
პარტიაში დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელეს. თბილისის საკრებულოში, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას მამუკა ჯუღელი, ონში მარიამ გოჩალეიშვილი, თელავში თამარ მენაბდიშვილი, ხოლო თეთრიწყაროში (მანგლისი) თათია მაისურაძე ეცდება.
საკრებულოს ქალი კანდიდატების წარდგენისას პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ „გემრიელი“ და „ულამაზესი“ ლუკმა მან ბოლოსთვის შემოინახა. „მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას“, – მიმართა მან თანაპარტიელებს.
მთავარი ლეიბორისტის ამ შეფასებას, უკვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქცია. შალვა ნათელაშვილი „სექსისტური“ ეპითეტებისთვის გააკრიტიკეს.
ნათელაშვილი საკუთარი ოლქის ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ იგი არა მხოლოდ მათი დეპუტატი, არამედ „ოჯახის“ წევრი იქნება. მანვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრობისთვის მზაობაც გამოხატა, თუკი ეს „ხალხისა“ და „ღმერთის“ ნება იქნება.
მანვე პირობა დადო, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე „ივანიშვილებისა“ და „კალაძეებისგან“ მიტაცებული ქონება ბიუჯეტს დაუბრუნდება. ნათელაშვლმა სოციალური გარანტიების, უფასო განათლების, უმუშევრობის კომპენსაციისა და ქართული მიწების „უცხოური ექსპანსიისგან“ დაცვის დაპირებაც გასცა.
„საქართველო ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს, ეროვნების მიუხედავად და აქ ბედნიერად, უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა იცხოვრონ“, – დასძინა მანვე.
ნათელაშვილმა ქვეყნისთვის 31 ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოქალაქეებს არჩვნების დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)