საკონსტიტუციომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა კონსტიტუციურად მიიჩნია
საკონსტიტუციო სასამართლომ 25 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიასთვის 2019 წელს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციური იყო.
მელია თავის საკონსტიტუციო სარჩელში აცხადებდა, რომ საქართველოს პარლამენტს მისთვის უფლებამოსილება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ უნდა შეეწყვიტა და ამ განაჩენის სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა მიეცა.
მოსარჩელე მხარისვე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები მელიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანენ, მისი თანამდებობაზე აღდგენა მაინც შეუძლებელი იქნება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების უფლების გამოყენებას აზრს უკარგავს.
მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის განმარტებით, სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა მჭიდროდაა დაკავშირებული მისი აღსრულების საკითხთან. იმ შემთხვევაში, თუ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა დამოკიდებული იქნება გასაჩივრების მექანიზმის ამოწურვაზე, „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება“. მოპასუხე მხარისვე განცხადებით, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადდება, „ამან შეიძლება გამოიწვიოს თანასწორობის უფლების დარღვევა მსჯავრდებულ პარლამენტის წევრსა და ყველა სხვა მსჯავრდებულს შორის“.
საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტები
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ის „მხედველობაში იღებს მუდმივ საჭიროებას იმისა, რომ საკანონმდებლო საქმიანობას ახორციელებდნენ მხოლოდ ისეთი პირები, რომლებიც სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და რომელთა ქცევაც შეუსაბამო არაა პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის სტატუსთან“.
„იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი კვლავ განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას და ბოლო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებითაც დადასტურდება მისი დამნაშავეობა, ამით გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიადგება არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ პარლამენტის ამ წევრის მონაწილეობით დროის გარკვეულ მონაკვეთში განხორციელებულ წარმომადგენლობით, საკანონმდებლო, მაკონტროლებელ და სხვა საქმიანობას“, – აცხადებს სასამართლო.
სასამართლომ დეპუტატის მანდატის შეწყვეტა იმპიჩმენტს შეადარა და ის კარგი მმართველობისა და საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფის საშუალებად შეაფასა. სასამართლოს განმარტებით, მელიასთვის მანდატის შეწყვეტა კონსტიტუციის 39 (5) მუხლის შესაბამისად სწორი გადაწყვეტილება იყო.
მოსამართლეები, რომელთაც მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილეს, სწორედ ის მოსამართლეები არიან, რომელთა სასამართლოში დანიშვნასაც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიიცის უკმაყოფილება და ქართულ ოცნებასთან მათი კავშირების შესახებ ბრალდებები მოჰყვა. ესენი არიან: საკონსტიტუციო სასამართლოს ახალდანიშნული თავმჯდომარე მერაბ ტურავა, რომლის სახელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების შესახებ სასამართლო დავის საქმეს უკავშირდება; მანანა კობახიძე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი 2017 წლამდე და 2012-2016 წლებში პირველი ვიცე-სპიკერი; ევა გოცირიძე, მოსამართლე, რომლის დანიშვნასაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობისას მისი პროსახელისუფლებო საქმიანობის გამო 2017 წელს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა; ვასილ როინიშვილი, რომლის დანიშვნაც მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს.
ოთხმა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა, ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თამაზ ცაბუტაშვილმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. ეს ის ოთხი მოსამართლეა, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებაზეც ასევე განსხვავებული აზრი გამოხატეს. საქმე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ სახალხო დამცველის სარჩელს ეხება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ შერჩევის პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობა და თვითნებური პროცედურები, უზენაეს სასამართლოში არაკვალიფიციური მოსამართლეების მიკერძოებულ დანიშვნას გამოიწვევდა, რის გამოც საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვეოდა.
ნაციონალური მოძრაობის პასუხი
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ოლქში, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მას საკონსტიტუციო სამართალთან საერთო არაფერი აქვს. ბეჟაშვილის თქმით, მოსამართლეებმა გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიიღეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)