ქართველი პოლიტიკოსები მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე
ქართველი პოლიტიკოსები მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და მხარეებს დეესკალაზიისა და მშვიდობისკენ ერთხმად მოუწოდეს.
ქვემოთ ყარაბაღის მოვლენებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების 27-28 სექტემბრის შეფასებებია მოცემული.
ქართული ოცნება
ირაკლი სესიაშვილი – პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე: „თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჩართული, აქ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ჩვენი ინტერესიც არის. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ამის ნიშნები არ ჩანს. ცხადია საერთაშორისო საზოგადოებაც ჩართულია და აქაც ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ჩავერთოთ. ნებისმიერი მიმართულებით მზად ვართ, ორივე მხარეს დავეხმაროთ ჰუმანიტარული მიმართულებით“.
გიორგი ხელაშვილი – ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-18 ნომერი: „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაუყონებლივ დეესკალაცია უნდა მოხდეს. განახლებული ყარაბაღის ომი არავის ინტერესშია და, შესაძლოა, მთელი რეგიონი წლებით თუ არა, ათწლეულებით უკან დახიოს“.
ოპოზიცია
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი/ნაციონალური მოძრაობა: „სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალიან აშფოთებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მშვიდობა ჩვენს რეგიონში და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესია. ჩემი პოზიცია ცალსახაა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეფუძნება, რომელიც გულისხმობს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიაა და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის. ამავე დროს, დავა მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ამას გარდა, ყველას, ვინც რეგიონიდან გააძევეს, სახლში დაბრუნების უფლება უნდა მიეცეს და ვინც უკვე ცხოვრობს იქ, უნდა ჰქონდეს უფლება, რომ იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და მათი უფლებები დაცული იყოს“.
სერგი კაპანაძე – ევროპული საქართველო: „ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გვქონდეს პოზიცია მშვიდობის მხარდასაჭერი, გვქონდეს პოზიცია ამ რეგიონში მეტი ესკალაციის არდაშვების მხარდასაჭერი. ამ ძალიან მძიმე ვითარებაში რეგიონში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს სხვადასხვა ალტერნატივა შემუშავებული და იყოს მზად სხვადასხვა სცენარისთვის, იმიტომ, რომ ომის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ჩვენთვის არასასურველი სცენარი შეიძლება განვითარდეს“.
შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი: „მოვუწოდებ ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებებს, შევქმნათ ამიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო შტაბბინით თბილისში და ყველა სადავო საკითხი, ყველა კონფლიქტი გადავწყვიტოთ იქ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ არცერთ მეზობელ რეგიონულ იმპერიას არ აძლევს ხელს დამოუკიდებელი, წელში გამართული საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი“.
თეონა აქუბარდია – სტრატეგია აღმაშენებელი: „მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება იმისთვის, რომ შეაფასოს არსებული ვითარება, შეაფასოს ის საფრთხეები, რომლებიც ამ ფართომასშტაბიანი ომიდან საქართველოს ემუქრება, ასევე ის ქმედებები, რომლებიც საქართველომ უნდა განახორციელოს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის“.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატები ყარაბაღის კონფლიქტში ბაქოს მხარდაჭერას უცხადებენ
- მედია: ჯავახეთის ეთნიკურმა სომხებმა მთიან ყარაბაღში სურსათი გაგზავნეს
- საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებებს ეხმაურება
- საქართველოს პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)