გიორგი გახარია: თბილისი მზად არის ერევანსა და ბაქოს შორის დიალოგს უმასპინძლოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 30 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველო მზად არის რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესს ხელი „ნებისმიერი ფორმით“ შუწყოს, მათ შორის, „უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“.
გამოთქვა რა მწუხარება სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილი „მძიმე ვითარებისა“ და „მსხვერპლის“ გამო, პრემიერმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს მოუწოდა „მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის“.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“ თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ რეგიონში მშვიდობის სწრაფი დამყარება „ჩვენი საერთო ინტერესია“.
გიორგი გახარიამ აზერბაიჯანთან და სომხეთთან საქართველოს „კეთილმეზობლურ“ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეები, რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაში „ისტორიულად ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ“.
„მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)