CRRC-მ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვაზე კვლევა წარადგინა
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 29 სექტემბერს საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით არალეგალურ გაყიდვაზე კვლევა წარადგინა. კვლევის მიხედვით, საქართველოში ამ გზით მიღებული ყოველდღიური შემოსალი, საშუალოდ 8 000 აშშ დოლარზე მეტია, ხოლო 35 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების არალეგალური ნივთიერებები მომხარებლებისთვის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სხვადასხვა ადგილას არსებულ სამალავებში ინახება.
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი არალეგალური აქტივობა კანაფს, კოკაინს და MDMA-ის (ექსტაზი) უკავშირდება. ამასთან, გაყიდვების 56% სწორედ კანაფზე მოდის. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით „ვაჭრობა საერთაშორისო კუთხითაც მნიშვნელოვანი დონისაა და ესპანეთის და ბელგიის კრიპტომარკეტების ჯამურ შემოსავალს აჭარბებს“.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კოკაინი, რომელიც მეორე ყველაზე გაყიდვადი ნივთიერებაა, ნარკოტიკების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის მეოთხედს შეადგენს. ეს მიგნება, „იმ ბოლო კვლევებს ეწინააღმდეგება, რომელთაც დაადგინეს, რომ კოკაინს საქართველოში შეზღუდული რაოდენობით მოიხმარენ“.
კვლევამ აჩვენა, რომ ვებგვერდ „მატანგაზე“ ექსტაზი საფრთხის შემცველი, მაღალი დოზებით არის განთავსებული. ამასთან, კვლევის პერიოდში აღნიშნული საიტი ძლიერი სინთეტიკური ოპიოიდის და დაფხვნილი მეტადონის გაყიდვით საქართველოდან შემოსავლის 12%-ს იღებდა
ანგარიშის თანახმად, ნარკოტიკების არალეგალურ ბაზარზე კოვიდ-19-ის პანდემიას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. თებერვლის მეორე ნახევარში განახევრდა საშუალო დღიური შემოსავალი, რომელიც მარტიდან აგვისტომდე პერიოდში, კრიზისამდელი მაჩვენებლიდან – 15 000 აშშ დოლარიდან 7 500 აშშ დოლარამდე დაეცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)