პარლამენტმა ბოლო პლენარული სხდომა გამართა

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 30 სექტემბერს პლენარული სხდომები დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარულ სხდომაზე დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის ყველა თანამშრომელს ოთხწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას წარმატება უსურვა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბერში დაიწყო და პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია, რომელმაც თანამდებობა 2019 წლის 21 ივნისს, მას შემდეგ დატოვა, რაც 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გახსნა. ამას ჯერ ოპოზიციის, მოგვიანებით კი – პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა, რომელიც სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რა დროსაც, ოფიციალური მონაცემებით, 240 მოქალაქე, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კობახიძე თალაკვაძემ შეცვალა.

2019 წლის ივნისის მოვლენებს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს წინ გახშირებული აქციები მოჰყვა. სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების მიუხედავად, ქართული ოცნების მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო ცვლილებების ჩაგდებას ნოემბერში ქუჩის პროტესტების რამდენიმე კვირიანი სერია მოჰყვა. ამის შემდეგ, საპარლამენტო სხდომებს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. აქციებს ნოემბრის ბოლოდან დაწყებული უცხოელი ელჩების ჩართულობით ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის კონსულტაციები მოჰყვა, რაც 2020 წლის 8 მარტს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმებით დასრულდა.

მოქმედმა პარლამენტმა საზოგადოებას თავი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებითა და კანონის მიღებით დაამახსოვრა, მათ შორის იყო – 2019 წლის იანვრიდან პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში დაბრუნება, 2019 წლის დეკემბერში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა, ახალი კონსტიტუციისა და ახალი რეგლამენტის მიღება, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, 2019 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის არჩევა, კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ქალსა და მამაკაცს შორის კავშირზე დავიწროება, ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავება, ასევე საარჩევნო და შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მიღება, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამტკიცება, ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, საარჩევნოს სისტემის ცვლილება და სხვ.

ამასთან, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპრპექტზე მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო 2019 წლის დასაწყისში ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 2016 წლის არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, 2017 წლის იანვარში, ნაციონალურ მოძრაობას ევროპული საქართველოს სახით თანაპარტიელების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოეყო.

პოლიტიკური შეფასებები

მე-9 მოწვევის პარლამენტის ოთხწლიანი საქმიანობა დღეს მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

პარლამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა და თქვა, რომ ამით „შეიქმნა ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის“.

„პირველად საქართველოს აქვს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება უმაღლეს, დემოკრატიულ, ევროპულ სტანდარტებს. ამის გარდა გატარდა უამრავი რეფორმა. მთლიანობაში, პარლამენტის საქმიანობა წარმატებულად უნდა შეფასდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სამწუხაროდ დიდი ნაწილი ამ საპარლამენტო მუშაობის დამალული იყო იმ ფონის უკან, რომელსაც ქმნიდა ხშირი შეჯახებები [მართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის]“, – თქვა პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის განვლილი 4 წელი უარყოფითად შეაფასეს საპარლამენტო ოპოზიციაში რომელიც ბოლო პერიოდში ბოიკოტის გამო სხდომებს არ ესწრებოდა.

„როგორ შეიძლება შეფასდეს ხატოვნად ამ პარლამენტის ოთხწლიანი მუშაობა. ორი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, ლარის კურსი… მეორე სიმბოლო ამ პარლამენტის არის გავრილოვი… ერთი სიტყვით როგორ შეიძლება შეფასდეს პარლამენტი, მორჩილ ადამიანთა გუნდი, აგრესიული, მორჩილი საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

„ქართული ოცნება გადავტეხეთ 8 მარტს, როცა შევძელით და მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, სადაც აღარ იქნება 73 მაჟორიტარი დეპუტატი და იქნება პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები“, – ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგო რატიანმა.

„ვფიქრობ, პარლამენტს მოუხდა ძალიან მძიმე კრიზისში მუშაობა, ეს იყო მართლმსაჯულების რეფორმა, რომელმაც დაყო, პრაქტიკულად დაშალა ქართული ოცნების გუნდი… საბოლოოდ ეს პარლამენტი ასრულებს დაახლოებით ისე, როგორც ერთპარტიული პარლამენტი გამოიყურება“, – თქვა ოცნების ყოფილმა და ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)