ოკუპირებულმა აფხაზეთმა გალის მკვიდრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველს, ირაკლი ბებუას, რომელმაც 30 სექტემბერს აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერი დაწვა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
გამოძიება ბებუას წინააღმდეგ სხვისი ქონების დაზიანების, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვის ბრალდებებით მიმდინარეობს. ბრალდებები ოთხიდან რვა წლამდე, ორ წლამდე და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, გალის რაიონის „სამართალდამცველი სტრუქტურების“ განაცხადებით, ბებუას სახლის ჩხრეკისას მათ ხელყუმბარა RG-42 და „აფეთქებისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს“.
გალის რაიონის მკვიდრი 30 სექტემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც მან, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობის შენობის წინ დროშის ფერებში გამოფენილი ბანერი დაწვა. სწორედ ამ დღეს ოკუპირებული რეგიონი „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავდა. მის ამ ქმედებას აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთება მოჰყვა. ზოგმა ბებუას რეგიონიდან გაძევება, ზოგმა კი – მისი მოკვლაც მოითხოვა. თავად ბებუამ განაცხადა, რომ მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ აფხაზების და ქართველების დაყოფას ეწინააღმდეგება.
გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნდა და ბებუას დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)