შსს სომხეთთან დამაკავშირებელი საერთაშორისო კაბელების დაზიანებას იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 ოქტომბრის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და მომხმარებლებს ინტერნეტი შეუფერხებლად მიეწოდებათ.
უწყების განცხადებით, პირველი ინციდენტის დროს, რომელიც 29 სექტემბერს ღამის საათებში მოხდა, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის“ კუთვნილ, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირ(ებ)მა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები.
რაც შეეხება მეორე ინციდენტს, რომელიც 28 სექტემბერს მოხდა, შსს-ს ცნობით, სოფელ სადახლოში წყლის არხზე გადამავალი „სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დააზიანეს, რომლითაც ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა ხდება და იგი ასევე უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მთიან ყარაბაღთან მიმართებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულებს:
- თბილისის მკვიდრმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა „მთავარ არხთან“ აქცია გამართეს
- გიორგი გახარია: თბილისი მზად არის ერევანსა და ბაქოს შორის დიალოგს უმასპინძლოს
- ენზელ მკოიანი აზერბაიჯანსა და თურქეთს ყარაბაღის კონფლიქტის გამო აკრიტიკებს
- ქართველი პოლიტიკოსები მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე
- საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატები ყარაბაღის კონფლიქტში ბაქოს მხარდაჭერას უცხადებენ
- მედია: ჯავახეთის ეთნიკურმა სომხებმა მთიან ყარაბაღში სურსათი გაგზავნეს
- საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებებს ეხმაურება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)