საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 3 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებულ სამხედრო დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“. საბჭოს განმარტებით, „ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ“.
„სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით“, – განაცხადეს ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოში და დასძინეს – „გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ“.
საბჭომ ასევე განმარტა, რომ კონფლიქტის გამწვავებიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება.
განაცხადა რა, რომ საქართველო „ზედმიწევნით“ ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ, საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის“.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
საბჭომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება“.
საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მზაობა, რომ „ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში“.
„ჩვენი საერთო ინტერესია – სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“, – განაცხადეს საბჭოში.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დეტალებისთვის ასევე წაიკითხეთ:
- შსს სომხეთთან დამაკავშირებელი საერთაშორისო კაბელების დაზიანებას იძიებს
- თბილისის მკვიდრმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა „მთავარ არხთან“ აქცია გამართეს
- გიორგი გახარია: თბილისი მზად არის ერევანსა და ბაქოს შორის დიალოგს უმასპინძლოს
- ენზელ მკოიანი აზერბაიჯანსა და თურქეთს ყარაბაღის კონფლიქტის გამო აკრიტიკებს
- ქართველი პოლიტიკოსები მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე
- საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატები ყარაბაღის კონფლიქტში ბაქოს მხარდაჭერას უცხადებენ
- მედია: ჯავახეთის ეთნიკურმა სომხებმა მთიან ყარაბაღში სურსათი გაგზავნეს
- საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებებს ეხმაურება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)