თბილისი დეზინფორმაციას უწოდებს ცნობებს სირიის მებრძოლთა აზერბაიჯანისკენ გატარების შესახებ

3 ოქტომბერს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა ცნობებს თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს გავლით სირიის მებრძოლების გადაადგილების შესახებ.

როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, „გავრცელებულ ინფორმაციას [საქართველოს გავლით] მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით საფუძველი არ გააჩნია. ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და, ზოგადად, რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას“.

ლილუაშვილის თქმით, „ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი.

სუს-ის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან. 

„უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ყოველი გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ „კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლებული კონფლიქტის ფონზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დეტალებისთვის ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)