საქართველოს პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა და თბილისის პოზიციებზე საუბრობს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 4 ოქტომბერს მიცემულ ნახევარსაათიან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაჩაღებულ შეიარაღებულ დაპირისპირებასა და ამ პროცესში თბილისის პოზიციებზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ნეიტრალიტეტს გაუსვა ხაზი. „ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ, რაც არის ამ რეგიონისათვის ყველაზე მთავარი, საქართველო იყო, არის და [უნდა] იყოს სრულიად ნეიტრალური თავისი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ. ჩვენი სამივე ქვეყნის ეკონომიკა იქნება, თუ განვითარება, დამოკიდებულია ამ მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, ამ კვირისათვის აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებთან სატელეფონო საუბარი იგეგმება. მისივე განცხადებით, ბაქოსა და ერევნისათვის თბილისის მთავარი გზავნილი კვლავაც თბილისში დიალოგის პლატფორმის შეთავაზება და ცეცხლის შეწყვეტა იქნება, „იმისთვის რომ ადამიანური მსხვერპლი შეწყდეს“.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, „დღეიდან ისმის ორივე მხრიდან, რომ მზად არიან მინსკის ჯგუფი ამოქმედდეს. ამას უნდა შევუწყოთ ხელი. ვნახოთ, როდის და როგორ შეიძლება მინსკის ჯგუფი შეიკრიბოს, თუნდაც საქართველოში.“ პრეზიდენტის თქმით, მეზობელი ქვეყნების ლიდერებს კვლავაც დაუდასტურებს, რომ „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც მათთვის მისაღებია, იმისთვის, რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში, დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობიან მოლაპარაკებებს“.
მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების საქართველოსთვის პოტენციურ რისკებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისა და საამისოდ საჭირო სტაბილურობის შესაძლო მოშლაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ვართ ის რეგიონი, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო რეგიონი ენერგეტიკის კუთხით. ჩვენი მომავალი პოტენციალი არის დაკავშირებული ტრანზიტული, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, შავი ზღვის განვითარებასთან დაკავშირებული. ესაა ყველაზე დიდი რისკი, რომ დაიკარგოს ჩვენი მთავარი კოზირი – სტაბილურობა. ხშირად ვამბობდით, რომ ვართ რეგიონში სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული, ეს უნდა აღდგეს,“ – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, „ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი ინტერესი, რამეთუ ჩვენი ტრანზიტით სარგებლობს აზერბაიჯანის ეკონომიკა და სომხეთის ეკონომიკა, ორივე არის დამოკიდებული ამაზე, როგორც ჩვენ ვართ დამოკიდებული. ეს რისკიცაა და შანსიც, რეალურად, ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული და ამიტომ, მე ვერ ვხედავ სხვა პერსპექტივას, თუ არა მშვიდობას“.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „შეიძლება სხვა ძალები იყვნენ დაინტერესებულნი იმაში, რომ აქ ყველაფერი არ იყოს ისეთი დალაგებული, ეს ყველასთვის გასაგებია,“ და დააყოლა, რომ ასეთ უცხო ძალად „ჩვენს ჩრდილოეთის მეზობელს“ მიიჩნევს. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა გავრცელებულ „ყალბ ამბებზე“, თითქოს „ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის მეგობარი [უფრო მეტად], ვიდრე მეორესი, რომ ერთს ვეხმარებით, ან მეორეს ვეხმარებით“.
პრეზიდენტის განცხადებით, „ეს არის ტიპური დეზინფორმაცია, იმიტომ, რომ ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, ვიყოთ ამ კონფლიქტში ნეიტრალური და საერთოდ, არ გვქონდეს დისბალანსი ამ ჩვენ ორ მეზობელს შორის… ვიღაცამ რომ წარმოადგინოს, რომ სხვანაირად არის რეალობა, ეს ძალიან ცუდია ჩვენთვის, ცუდია რეგიონისთვის“.
ბოლოს, ჟურნალისტის კითხვა, მისცემდა თუ არა თბილისი მოსკოვს სომხეთისკენ რუსული ჯარის გატარებისთვის დერეფანს, პრეზიდენტმა ჰიპოთეტურ შეკითხვად შეაფასა და განაცხადა, „ჩვენ გამოვეცით განცხადება უსაფრთხოების საბჭოს შემდეგ, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ შეჩერებულია ნებართვა, რაც ეხება სამხედრო ტრანზიტს, ნებისმიერი ფორმით… ესაა წინასწარ პასუხი, თუმცა ეს კითხვა არის ჰიპოთეტური დღევანდელი დღისთვის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)