ევროკავშირი ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე სასამართლო რეფორმაზე კანონის მიღებას აკრიტიკებს
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მთავარმა პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 5 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა ვენეციის კომიიის მოსაზრებების მიღებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტის დამტკიცება.
„სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა“, – აღნიშნა მან.
„ეს არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის შექმნის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა სტანომ და დასძინა, რომ „ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო ევროკავშირმა და სხვა ძირითადმა დამკვირვებლებმა შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს“.
ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა 30 სექტემბერს მიიღო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის პროცესში ახალი წესები დგინდება, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა და ცვლილებები ისე მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირით ადრე კომისიის მოსაზრება მას შემდეგ თავად ითხოვა, რაც ამის თაობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მოუწოდეს.
„ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელოდება, რომ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შერჩევის პროცესის წესებს დამატებით განიხილავს“, – ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.
„სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვას საკვანძო მნიშვნელობა აქვს საქართველოსადმი მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკთხეთ:
- პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- საქართველოს პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ითხოვს
- PACE-ის თანამომხსენებლები საქართველოს სასამართლო რეფორმაზე
- სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის ცვლილებების კანონპროექტს
- არასამთავრობოები: საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებები „ფრაგმენტულია“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)