ქართველი პოლიტიკოსები სასამართლო რეფორმის შესახებ კანონზე ევროკავშირის განცხადებას აფასებენ
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მთავარმა პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 5 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ვენეციის კომისიის მოსაზრებების მიღებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტის დამტკიცება გააკრიტიკა.
„სამოქალაქო საქართველო“ სტანოს განცხადებაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის განსხვავებულ მოსაზრებებს გთავაზობთ.
მმართველი პარტიის გამოხმაურება
„ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
„შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად და ბოლო საშემოდგომო სესიის ჩათვლით ველოდებოდით პოზიციებს, მოსაზრებებსა და დასკვნას. მათ [საერთაშორისო პარტნიორებმა] გვითხრეს, რომ მხოლოდ ოქტომბრის შეხვედრაზე შეძლებდა ვენეციის კომისია ამ დასკვნისა და რეკომენდაციის დამტკიცებას“, – დასძინა თალაკვაძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო ბევრ დემოკრატიულ ევროპულ სასამართლოზე მაღალ მაჩვენებელს უჩვენებს“. „დრამატიზებას ამ ვითარების არ მოვახდენდი“, – დაამატა მანვე.
„სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი, რაც არაერთხელ განცხადებულა და მე კიდევ ათასჯერ გავიმეორებ, არის მაღალი“, – განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ „იქ გარკვეული სამართლებrივი ნიუანსებია, რასაც, ალბათ, განმარტავენ ჩვენი შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები“.
ოპოზიციის გამოხმაურება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ სასამართლოს რეფორმის შესახებ კანონი ვენეციის კომისიის მოსაზრების მიღებამდე დაემტკიცებინა, იმის მაჩვენებელია, რომ მმართველი პარტია სერიოზულად არ უყურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
„მსგავსი განაცხადი [ევროკავშირის მხრიდან] კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართული ოცნება ამ საკითხზეც ურცხვად იტყუება და ატყუებს ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ ქვეყანა და ხელისუფლება, რომელიც გეგმავს მართლაც ევროკავშირში შემდგომ ინტეგრაციას, არ შეიძლება, რომ უგულვებელყოფას უკეთებდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, – განაცხადა მან.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ გააფრთხილა ქართული ოცნება, რომ მის მიერ საერთაშორისო რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო „სრულ იზოლაციაში მოვხვდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“.
„ქართული ოცნებისთვის, ამ შემთხვევაში, გზავნილი დასავლელი პარტნიორებისთვის არის, რომ მათთვის ყველაზე მთავარი არის, რას იტყვის ბატონი ბიძინა და არა ის, თუ რას იტყვიან ჩვენი მეგობრები და რაზე ფიქრობს ხალხი“, – დასძინა კაპანაძემ.
პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარისა და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მან არაერთხელ გააფრთხილა ქართული ოცნება, არ დაეჩქარებინა კანონის მიღება. მან პარლამენტის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების მიმართ „უპატივცემულო დამოკიდებულება“ უწოდა.
„ეს ძალიან გაუაზრებელი ქმედება ქართული ოცნების მხრიდან იწვევს, მართლმსაჯულების ნდობის კიდევ უფრო მეტად დაზიანებასა და საერთაშორისო პარტნიორების იმედგაცრუებას“, – აღნიშნა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროკავშირი ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე სასამართლო რეფორმაზე კანონის მიღებას აკრიტიკებს
- პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- საქართველოს პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ითხოვს
- PACE-ის თანამომხსენებლები საქართველოს სასამართლო რეფორმაზე
- სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის ცვლილებების კანონპროექტს
- არასამთავრობოები: საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებები „ფრაგმენტულია“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)