თალაკვაძე: საქართველო შეეცდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე შეთანხმების გადახედვას მიაღწიოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველო შეეცდება, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის შესახებ 2006-2007 წლების შეთანხმების გადახედვას მიაღწიოს.

თალაკვაძის განცხადებას წინ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის ორი წევრის დაკავება უძღოდა.

„ახლადაღმოჩენილი გარემოებებით და იმ ფაქტებით, რაც დადგინდება გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც, როგორც ირკვევა, სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო შეთანხმებული“, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ ახალი გარემოებები აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე არ იმოქმედებს და „აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი“.

დღესვე, საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა და 24 სექტემბერს, თბილისში, თავისი აზერბაიჯანელი კოლეგის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ვიზიტი გაიხსენა, რა დროსაც, მხარეებმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესზეც ისაუბრეს. ზალკალიანის თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის გამონახვაა საჭირო.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება საქართველოს შიდა საკითხია და რომ მას თბილისსა და ბაქოს შორის ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)