ადგურ არძინბამ ახალი ოპოზიციური მოძრაობა ჩამოაყალიბა 

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა „ეკონომიკის მინისტრმა“ და 2020 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატმა“, ადგურ არძინბამ, 7 ოქტომბერს ახალი ოპოზიციური ორგანიზაციის „აფხაზური სახალხო მოძრაობა“ პრეზენტაცია გამართა. ახალ ორგანიზაციას „განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე“, დმიტრი გვარამიაც შეუერთდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

„აფხაზურმა სახალხო მოძრაობამ“ თავის მთავარ მიზნად „აფხაზეთის ეროვნული ინტერესების დაცვა“ გამოაცხადა, რომელიც „დროდადრო სხვადასხვა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგება“.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ადგურ არძინბამ აღნიშნა, რომ ის აფხაზეთის პოლიტიკაში რჩება, ვინაიდან მოსახლეობის იმ 35%-ის წინაშე, რომელმაც მას „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ დაუჭირა მხარი, პასუხისმგებლობას გრძნობს.

„არჩევნების შემდეგ გადავწყვიტეთ ახალი ხელისუფლებისთვის გარკვეული დრო მიგვეცა შეუფერხებელი მუშაობისთვის. გავიდა დრო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ განვითარების პროგრამებს. ამიტომ, საზოგადოებრივ და ვეტერანთა ორგანიზაციებთან, ასევე არჩევნებზე ჩვენს მხარდამჭერ დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ, „აფხაზური სახალხო მოძრაობის“ დაფუძნება გადავწყვიტეთ“, – განაცხადა არძინბამ.

მან კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის გამო „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ თავისი მეტოქის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაც გააკრიტიკა და ახალი ხელმძღვანელობა იმაში დაადანაშაულა, რომ მან ჯანდაცვის კრიზისის დასაძლევად პრევენციული ზომების მიღება ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოძრაობა ოპოზიციური ძალაა, „საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავეხმარებით ხელისუფლებას და რეკომენდაციებსაც მივცემთ მას“, – განაცხადა არძინბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)