სტრასბურგმა ლგბტ ორგანიზაციის რეიდის საქმეში საქართველო გაამტყუნა
სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 8 ოქტომბერს ლგბტ უფლებადამცველ ორგანიზაცია – „ფონდ ინკლუზივის“ ოფისში 2009 წელს პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ დაადგინა, რომ რეიდით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.
სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი „ფონდ ინკლუზივის“ ყოფილმა თანამშრომლებმა – ეკატერინე აღდგომელაშვილმა და თინათინ ჯაფარიძემ 2011 წლის იანვარში შეიტანეს. სარჩელში ისინი აცხადებდნენ, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა 17-მა პოლიციელმა მათი ოფისის ჩხრეკისას თანამშრომლები გააშიშვლეს და ისე გასინჯეს. ამასთან, მოსარჩელეების თქმით, სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
მოსარჩელეები ასევე აცხადებდნენ, რომ საქართველოში დაწყებული გამოძიების პროცესში არაფრად ჩააგდეს პოლიციის ქცევის დისკრიმინაციული ხასიათი და მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე მათი თხოვნა ჯერაც უპასუხოდ რჩება.
არასათანადო ადგილობრივი გამოძიების თაობაზე მოსარჩელეთა საჩივრის საპასუხოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არცერთი საგამოძიებო ქმედება არ განუხორციელებია, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა საჩივარი შეიტანეს 2010 წლის იანვარში. სასამართლოსვე განცხადებით, გამოძიების ამგვარი გაჭიანურება იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას არ სურს შეისწავლოს ის როლი, რომელიც ჰომოფობიურმა და ტრანსფობიურმა მოტივებმა პოლიციის ქმედებაში ითამაშეს.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეების ვერსია ეჭვგარეშეა და საქართველოს ხელისუფლებას თითოეული მათგანისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ევროს ოდენობის გადახდა დააკისრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)