მარია ზახაროვა ხანგოშვილის მკვლელობის საქმის სასამართლოზე საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლო, რომელიც წინა დღეს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაიწყო, „დადგმული“, „პოლიტიზებული“ და „ანტირუსული პროვოკაციაა“.
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბერლინში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს იმ განაჩენის თაობაზე, რომელსაც გერმანული სასამართლო რუსეთის მოქალაქეს ვ. სოკოლოვს გამოუტანს, 2019 წელს შამილ ბასაევის თანამებრძოლის და ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების ერთ-ერთი მეთაურის, ზ. ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე“, – განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, უდავოა, რომ გერმანული სასამართლო რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებს იმ კაცზე თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულებს, რომელმაც „თავისი დანაშაულებრივი კარიერის დროს, უამრავი მოსისხლე მტერი შეიძინა“.
„მიამიტობა იქნებოდა, გერმანიის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის იმედის ქონა, რომელმაც ადრე ამ პიროვნებას [ხანგოშვილს] ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა“, – განაცხადა ზახაროვამ.
2019 წლის აგვისტოში ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. 2019 წლის დეკემბერში გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი იმ მოტივით გააძევა, რომ მათ გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ფედერალურმა გენერალურმა პროკურორმა საქმის გამოძიება იმ საფუძვლით გადაიბარა, რომ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ მკვლელობა ან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების, ან რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით განხორციელდა“.
კრემლმა ყველა ბრალდება არაერთხელ უარყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)