თფილისელი მუშები თავდაცვის ფონდს ძვირფას ნივთებს წირავენ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 ოქტომბერი, N233
მთავრობაში: ძვირფასი ნივთების გადაცემა
მოსმენილ იქმნა მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის მიერ მთავრობის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი შემდეგი:
„თანახმად თფილისის მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ბიუროს დადგენილებისა, გადაწყვეტილია გადასცენ რესპუბლიკის თავდაცვის ფონდისათვის ის ნივთები, რომლებიც კომიტეტის კასაში არის: ვერცხლის წმინდა გიორგის ჯვარი 382 ცალი, ვერცხლის მედალი – 220 ცალი, წმინდა ანნას და სტანისლავის ორდენები ოქროთი მოარაყებული 14 ცალი, გულის ნიშნები ვერცხლისა 6 ცალი, ოსმალეთის ორდენი ვერცხლისა – 1 ცალი, დიდი ვერცხლის მედალიონები მუყაითობისათვის მიცემული – 4 ცალი, ჩვეულებრივი ვერცხლის მედალიონები – 1 000 ცალი, ვერცხლის ჯვარი – 3 ცალი, საათის ვერცხლის სახურავი – 2 ცალი. გთხოვთ ნივთების მისაღებად რწმუნებულის გამოგზავნას“.
მთავრობამ მოისმინა რა ეს განცხადება დაადგინა გამოუცხადოს აღმასრულებელ კომიტეტს მადლობა და მთელი მოწერილობა კი სისრულეში მოსაყვანად გადაუგზავნოს ფინანსთა სამინისტროს.