ეუთო/ოდირი არჩევნებისთვის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას აუქმებს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირი) 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში განთავსებულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ზღუდავს და ქვეყანაში მხოლოდ ძირითადი ექსპერტები და გრძელვადიანი დამკვირვებლები დარჩებიან, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო კი – ქვეყანაში მოკლევადიანი დამკვირვებლები აღარ ჩამოვლენ.
განცხადების თანახმად, ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს მოკლევადიანი დამკვირვებლების საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა, რომლებიც არჩევნების დღის პროცედურებს დააკვირდებოდნენ.
ეუთო/ოდირმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის სადამკვირვებლო მისია 25 სექტემბერს გახსნა. მისია 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება. ქვეყანაში არჩევნების დღის პროცედურებზე დასაკვირვებლად 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი აღარ ჩამოვა.
ეუთო/ოდირის თქმით, იგივე ცვლილება მოლდოვისა და უკრაინის სადამკვირვებლო მისიებსაც შეეხო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)