მოსაზრება | საქართველოს საგარეო პოლიტიკამ თავკერძობა უნდა მოიშალოს
„მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო“. ხალხური
საქართველოს გარშემო პოლიტიკური კონტექსტი მკვეთრად იცვლება. ბელარუსსა და ყირგიზეთში მიმდინარე არეულობა, საპროტესტო მოძრაობა თავად რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიუთითებს, რომ ჩვენს პოსტ-საბჭოთა სამეზობლოში ახალი სიო უბერავს. ჩვენგან არც ისე შორს, მაღრებსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშიც გაცხოველდა რეგიონული მეტოქეობა, ხოლო ყარაბაღში ომის განახლებით, რეგიონული ძალების დაპირისპირების ექომ ჩვენთან სულ ახლოს გაიჟღერა.
ამ ფონზე, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგი, საუბრის თემატიკა, რეგისტრი და ტონი თითქმის არ იცვლება. არადა, გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე, პოლიტიკური ეგოცენტრიზმის დოქტრინამ საკუთარი თავი ამოწურა.
ომისშემდგომი კონსოლიდაცია
რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით 2008-2011 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი საყრდენ თემებად სამხედრო ოკუპაცია, ანექსია და შემდგომი „ბორდერიზაცია“ ჩამოყალიბდა. ამ პროცესების წინააღმდეგ საბრძოლველად ნაბიჯების გადადგმა სასწრაფო და აუცილებელი იყო.
პარალელურად, ოკუპაციასთან ბრძოლის გრძელვადიან კონტექსტში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის შეუქცევადობასა და ამ კონტექსტში მიმდინარე რეფორმებს დაეფუძნა.
ფრაზები „საქართველოს 20% ოკუპირებულია“, „მიმდინარეობს ბორდერიზაცია, მცოცავი ანექსია და სახეზე გვაქვს მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა“ საქართველოს ოფიციალური პირების სასაუბრო მასალებში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და საერთაშორისო ასპარეზზე დღემდე რჩება ქართული საგარეო პოლიტიკის სავიზიტო ბარათად.
რუსული აგრესიით შექმნილ მძიმე ვითარებას პარტნიორების მხრიდან აღიარება და ყურადღება სჭირდებოდა. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სირთულეებისათვის ყურადღების მიქცევა და შენარჩუნება საგარეო საქმეებზე მომუშავე სამსახურებისგან არც თუ უმნიშვნელო ძალისხმევას, დიდ იმპროვიზაციასა და გარკვეულ თავკერძობას მოითხოვდა – სხვა სახელმწიფოთა დღის წესრიგის სტრუქტურირებას საკუთარი პრობლემების გარშემო.
სასაუბრო ეფექტურობას კარგავს
მას შემდეგ უკვე თორმეტი წელი გამოხდა და საგარეო-პოლიტიკური თავკერძობა მდგრად ტენდენციად ჩამოყალიბდა. პოლიტიკური და დიპლომატიური ხელმძღვანელები რუსული ოკუპაციით იწყებენ და ასრულებენ ყველა საერთაშორისო საუბარსა თუ დისკუსიას.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო სხვა რეგიონულ ან საერთაშორისო ტენდენციებს ყურადღებას თითქმის არ აქცევს და მსოფლიოს ცხოვრებას ვიწრო, სათავისო ღრიჭოდან შესცქერის. ამას თავისი მიზეზები აქვს.
ერთი მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების წინააღმდეგ მუშაობაზე კონცენტრირება თბილისს ბოჭავს. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო სხვა რეგიონულ კონფლიქტებსა თუ დაძაბულობებზე საუბარს თავს ხშირად იმის შიშით არიდებს, რომ გარკვეული, განსაკუთრებით კი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ გამოსვლას ოკუპირებული რეგიონების აღიარება არ მოჰყვეს. ამ საბაბით, როცა სხვადასხვა რეგიონში დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერასა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემატიკაზე მიდგება საქმე, საქართველოს სახელი მისი ევროპელი პარტნიორების გვერდით ნაკლებად მოჩანს ხოლმე.
მეორე მხრივ კი, არაღიარებისა და ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის პოლიტიკა ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსებს მოითხოვს, რომლებიც სასრულია. შედეგად, თბილისს საერთაშორისო პრობლემატიკაზე საკუთარი, გამოკვეთილი პოზიცია არ გააჩნია. ის მხოლოდ პასიურად რეაგირებს გარემოსდაცვითი, კლიმატური, მიგრაციის თუ სხვა, ჩვენი პარტნიორებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
გარემო სწრაფად იცვლება
საერთაშორისო მოცემულობას დინამიურობა და ცვალებადობა ახასიათებს, კონტექსტი და ფონი მუდმივი არასდროსაა. 2008 წლის ომის შემდგომ საგარეო-პოლიტიკურ ხაზს პირველი ბზარი 2010 წლიდან, პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიერ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ მცდელობისთანავე გაუჩნდა. 2011-2012 წლებში ცხადი გახდა, რომ მხოლოდ რუსულ ოკუპაციასა და ევროპულ ინტეგრაციაზე საუბარით საქართველო საკმაო მხარდაჭერას ვერ იხვეჭდა. რიტორიკა გარკვეულ ადაპტაციას და კორექტირებებს საჭიროებდა.
პარალელურად, 2011-2012 წლებში სირიასა და ლიბიაში მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ საქართველოს პრობლემატიკის მიმართ საერთაშორისო ყურადღება შედარებით მოადუნა. ამ კონფლიქტებს მოყოლილმა ლტოლვილების მწვავე კრიზისმა ევროპული დედაქალაქების ყურადღება საქართველოსადმი კიდევ უფრო შეასუსტა. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, მასში რუსეთის მონაწილეობა და ჰუმანიტარული კატასტროფა საქართველომ ისე გაატარა, თითქოს მას დიდად არ ეხებოდა, ეს იმ ფონზე, როცა ქალაქი ალეპო საქართველოსთან გეოგრაფიულად კიევზე უფრო ახლოა. ამგვარმა თავკერძობამ ჩვენთვის სავალალო შედეგისგან მაინც ვერ დაგვიცვა – 2018 წლის მაისში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. სირიის საქმეში არასაკმარისმა აქტიურობამ კი მცირედ მაინც დაგვაშორა ევროპულ ალიანსს.
2014-2015 წლებში უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და ყირიმის ანექსიამ ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში რეალობა კიდევ ერთხელ, არსებითად შეცვალა. საქართველოს ოკუპაციისა და ევროპული ინტეგრაციის თემატიკას თითქოს ახალი ბიძგი უნდა მიეღო. თუმცაღა ამავე მომენტს კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაგრილება დაემთხვა.
ევროპული დღის წესრიგში უკრაინისა და საქართველოს საკითხების ერთმანეთისაგან დაყოფას თბილისი დიდად არ შეწინააღმდეგებია. უკრაინის კრიზისის მასშტაბმა საქართველოს პრობლემების საერთაშორისო კალიბრი შესამჩნევად შეამცირა. ნიშანდობლივია, რომ როცა 2014 წლის ივლისში „დაუდგენელმა სამხედრო შენაერთებმა“ „დაუდგენელი საშუალებებით“ აღმოსავლეთ უკრაინის თავზე მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს თბილისი ფაქტობრივად სამძიმრით შემოიფარგლა.
ამასთან, სირიის, ლიბიის, და უკრაინის მაგალითზე გამოიკვეთა ახალი საფრთხეები – „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა მსხვილი, კვაზი-სახელმწიფოებრივი ტერორისტული ორგანიზაციების გაზრდილი გავლენა. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში აშშ ჩართულობის შემცირებისა და ამის პარალელურად რეგიონული ძალების – ირანის, თურქეთის, ისრაელისა და რუსეთის აქტიური დაპირისპირების შედეგად ახალი რისკები წარმოიქმნა. მათ შორისაა, ქიმიური იარაღის ფართო გამოყენება, დაქირავებული მებრძოლების და დამქაში ძალების ხელით ჰიბრიდული ომის წარმოების გაფართოება, ტექნოლოგიური გარღვევები – დრონების, რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების, კიბერ-თავდასხმებისა და დეზინფორმაციის კამპანიების სინქრონიზებული გამოყენება, როგორც სახელმწიფოების, ისე არასახელმწიფო მოთამაშეების მიერ.
ხელიდან გაშვებული შანსი?
ამ და სხვა საერთაშორისო განვითარებათა ფონზე, ცხადი გახდა, რომ საქართველოს წლების წინ დამკვიდრებული ეგოცენტრისტული საგარეო პოლიტიკა დროს უნდა მოერგოს, უფრო მრავალწახნაგოვანი უნდა გახდეს.
საერთაშორისო და რეგიონულ პოლიტიკაში კრიტიკულ პერიოდს, 2012-2014 წლებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება დაემთხვა, რაც, ერთი შეხედვით, კარგ მომენტს ქმნიდა საგარეო-პოლიტიკური დოქტრინის განვითარებისთვის.
ეს შესაძლებლობა თბილისმა დიდწილად ხელიდან გაუშვა. უმაღლესი ოფიციალური პირების სასაუბროების თემატიკა კიდევ უფრო დავიწროვდა და ხისტი გახდა, ლიტანიასავით გამეორებულ ფრაზებს მიღმა კი თითქოს მათი მიზანი გაფერმკრთალდა.
ამ ფონზე, განცალკევებული ინიციატივები ან არ ჩანს – როგორც მაგალითად გაეროს ნიუ-იორკის მისიის მიერ განხორციელებული რამდენიმე ინიციატივა, ანდა იმდენად ამოვარდნილია კონტექსტიდან, რომ საზოგადოებაში გაუგებრობასა და ღიმილსაც კი იწვევს, როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამასწინანდელი გამოსვლა გაეროში ბიომრავალფეროვნების შესახებ.
ცვლილების აუცილებლობა
დღეს, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ხმა უკრაინასა თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების ირგვლივ გამართული საუბრებისას უკან მიდევნებული ლამპარივით ისმის, თითქმის არ ისმის რუსეთსა და ბელარუსში ადამიანის უფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებთან, დემონსტრაციებთან, პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობასა და დევნასთან დაკავშირებული განხილვებისას. გამოვაკლდით საერთაშორისო საუბრებს მოლდოვაში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესების შესახებ. ოკუპაციის აღიარების ფანტომური შიშების გამო საქართველო, ჩვეულებრივ, თავს არიდებს სხვადასხვა პარტნიორის (აშშ, ბელარუსი, იაპონია) მიმართ სიკვდილით დასჯის გაუქმებისა თუ მორატორიუმისკენ მიმართულ მეგობრულ მოწოდებებს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.
არავის გაახსენდება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური აქცენტები დიდ ბრიტანეთში, სოლისბერიში მამა-შვილ სკრიპალებზე განხრციელებულ ქიმიურ თავდასხმასა და ალექსანდრე ნავალნის მოწამვლაზე. არადა პირველ შემთხვევაში, საქართველომ რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი გააძევა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი მხოლოდ მოკლე ტვიტით დალახვრა მომხდარიცა და შემსრულებლებიც.
ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, რომელმაც რუსეთის მიმართ ბერლინის პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრება გამოიწვია, საქართველომ დუმილით აუარა გვერდი. ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის შემთხვევაში კი, საქართველო ევროკავშირის განცხადებას მდუმარედ შეუერთდა.
აგვისტოში ბელარუსში განვითარებულმა მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა და განსაკუთრებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღის ირგვლივ სამხედრო კონფლიქტის სერიოზულმა ესკალაციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საერთაშორისო კონტექსტის სახიფათო ცვალებადობა, რამაც ხაზი გაუსვა საგარეო პოლიტიკის სწრაფი ადაპტირებისა და ტრანსფორმირების მწვავე საჭიროებას.
აქამდე, ათწლეულების მანძილზე გამოყენებული მიდგომები, პოზიციები და აღქმები შესაძლებელია, აბსოლუტურად გამოუსადეგარი და საზიანოც კი აღმოჩნდეს იმ ახალ რეალობაში, რომელიც ჩვენს რეგიონში და მის ირგვლივ ამჟამად ყალიბდება.
ადაპტირების გარეშე, ძველი, თავკერძა საგარეო პოლიტიკის წარმოება სულ უფრო მეტ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს შექმნის. საქართველოს ინტერესების დაცვა მხოლოდ ვიწროდ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტით ვერ მოხდება. ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთ მთავარი საშუალება მათთან ღირებულებების ერთიანობის ყოველდღიური დადასტურება, საერთო ინტერესების გულიანი დაცვაა და არა — უხერხული სიჩუმე.
ქართულმა საგარეო პოლიტიკამ უნდა მოახერხოს საკუთარი პრობლემატიკისა და დღის წესრიგის საერთაშორისო ტენდენციებსა და კონტექსტთან დაკავშირება.
ტრანსფორმირებული, არა მხოლოდ საკუთარ დღის წესრიგზე ორიენტირებული, მსოფლიო სატკივართან ფეხაწყობილი საგარეო პოლიტიკა უკეთ უზრუნველყოფს ქართული ინტერესების დაცვასა და გატარებას, როგორც სამეზობლოში, ისე — მის გარეთ. რეგიონი იცვლება და ფუჭია იმის იმედი, რომ ეს ცვლილება ჩვენ გვერდს აგვივლის.
დატრიალებულ მორევში მხოლოდ დინების მიმართულებით ცურვა დაღუპვის გარანტიაა. ცურვის მიმართულებას ნათლად სჭირდება დასახვა.
This post is also available in: English (ინგლისური)