ირლანდია: დიდი პარასკევი, რომელსაც აღდგომა არ მოჰყოლია
ამბობენ, ყველაფერს აქვს დასასრულიო და ამ მარტივი ჭეშმარიტებიდან გამონაკლისი არც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ხანგრძლივი პროცესია. მაღალი ალბათობით, „ბრექსიტის“ უკვე მომაბეზრებელი საგის ბოლო თავი მიმდინარე თვის მიწურულს დაიწერება.
ძველი ბერძნული ეპოსის მსგავსად, სადაც ერთ ამბავს უმალვე მეორე ანაცვლებს, „ბრექსიტის“ დასასრულიც სხვადასხვა მიმართულებით გადაშლის ახალ ფურცლებს, პირველ რიგში კი ირლანდიის კუნძულზე, სადაც „პოსტ-ბრექსიტური“ მსოფლიოს პირველი და თანაც საგრძნობი ძვრებია მოსალოდნელი.
რა ხდება:
გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის „ბრექსიტის“ შემდგომი ურთიერთობების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ძირითადი მიზანი ლონდონსა და ბრიუსელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებაა, პროცესის ჩაშლის შემთხვევაში კი, მხარეებს ერთმანეთთან ე. წ. „ხისტი საზღვრის“ შემოღება მოუწევთ.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:
თუ ბრიტანეთ-ევროკავშირის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შედეგად სრულფასოვანი სახელმწიფო საზღვრის გავლება გახდება საჭირო, ეს პირველ რიგში ირლანდიის კუნძულს შეეხება, რაც ჩრდილოეთ ირლანდიაში სამშვიდობო პროცესის დაზიანებისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის ხელახალი გაღვივება უმძიმესი პრობლემა იქნება როგორც ბრიტანეთისთვის, ისე ევროკავშირისთვის, რაც დღეს არსებული გამოწვევების ფონზე დასავლეთისთვის დამატებითი თავსატეხი გახდება.
რას უნდა მოველოდეთ:
- მაღალი ალბათობით, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება და მხარეები საზღვარზე საბაჟო კონტროლის დაწესების საჭიროების წინაშე დადგებიან.
- საუკეთესო შემთხვევაში, მხარეები შესაძლოა ერთიანი სავაჭრო შეთანხმების ნაცვლად სხვადასხვა სფეროში ცალკეული დოკუმენტების გაფორმებაზე შეჯერდნენ.
- ლონდონი თავის საზღვაო პორტებში საბაჟო პუნქტების მოწყობას დათანხმდება, თუმცა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სასაქონლო დეკლარაციების შემოღებასა და ბრიუსელთან შეთანხმებით საქონლის რისკის შეფასებაზე უარს იტყვის.
- შედეგად, საბაჟო კონტროლის ამოქმედება ევროკავშირს მოუწევს, ან ხმელეთზე (ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის) ან ზღვაზე (ირლანდიის რესპუბლიკაში ან კონტიტენტზე არსებულ პორტებში), რაც ჩრდილოეთ ირლანდიაში ნაციონალისტური განწყობების გაღვივებასა და დაპირისპირების შესაძლო განახლებას გამოიწვევს.
ანალიზი:
მიმდინარე წლის 31 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი საბოლოოდ დატოვა, რითაც „ბრექსიტის“ თითქმის 4-წლიანი ქაოტური პროცესი დასრულდა. თუმცა, უშუალოდ „ბრექსიტის“ საკითხის დახურვისთანავე ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გარკვევის მორიგი რაუნდი დაიწყო. ამჯერად ლონდონმა და ბრიუსელმა ისეთი საკვანძო საკითხი უნდა დაარეგულირონ, როგორიცაა ვაჭრობა, თან – შეუფერხებელი.
ევროკავშირსა და მის ყოფილ წევრს შორის გასულ წელს მიღწეული „ბრექსიტის შეთანხმების“ თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე ე. წ. „გარდამავალ პერიოდში“ მყოფი „ნისლიანი ალბიონი“ ევროკავშირის საბაჟო კავშირსა და საერთო ბაზარში კვლავ რჩება. სწორედ ეს „გარდამავალი პერიოდი“ უნდა გამოეყენებინათ ახალგანქორწინებულებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსალაპარაკებლად, რათა დღეს მოქმედი რეჟიმის დასრულებისთანავე მხარეებს შორის არსებული პირობებით ვაჭრობა გაგრძელებულიყო.
„თითოეული ადამიანი გაცვლა-გამოცვლით ცხოვრობს…“ – ადამ სმიტი
თავისუფალი ვაჭრობის მედროშე „გლობალური ბრიტანეთის“ წამყვანი პრიორიტეტი ვაჭრობაა და გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანელებს ევროკავშირთან, პირველ რიგში, სწორედ ამ სფეროს დარეგულირება სურთ. იმაზე, რომ სავაჭრო შეთანხმების ტექსტი ოქტომბრის ბოლომდე უნდა იყოს მზად, ლონდონი და ბრიუსელი თანხმდებიან, თუმცა საკუთრივ დოკუმენტის შინაარსის მხრივ მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. მარტში დაწყებული სავაჭრო მოლაპარაკებები, უმეტესწილად თევზჭერის საკითხებისა და ევროკავშირის რეგულაციების გამო, პირველივე რაუნდში შევიდა ჩიხში და პროცესში ყინულის დაძვრა დღემდე ვერ ხერხდება, დრო კი იწურება.
სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლა ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ჩვეულებრივი სასაზღვრო რეჟიმის ამოქმედებას გულისხმობს, რაც სხვა მრავალ სირთულესთან ერთად, უპირველეს ყოვლისა უმწვავესი გამოწვევა იქნება დიდი ბრიტანეთის მეზობელი კუნძულისთვის – ირლანდიისთვის. საქმე ის არის, რომ „ბრექსიტის შეთანხმების“ იმ დებულებების თანახმად, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიას ეხება, აღნიშნულ მხარესა და მეზობელ ირლანდიის რესპუბლიკას შორის ე. წ. „ხისტი საზღვარი“ არ უნდა ამოქმედდეს, რისთვისაც პირველ რიგში ბრიტანეთმა ყველა ღონე უნდა იხმაროს.
საინტერესოა, განვიხილოთ, რა რეალობის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც ჩრდილოელი, ისე სამხრეთელი ირლანდიელები იმ შემთხვევაში, თუ ლონდონი და ბრიუსელი ვაჭრობაზე ვერ მორიგდებიან, თუმცა მანამდე არც ამ პრობლემის საწყისების მიმოხილვა იქნება ურიგო.
„საშინელი სილამაზე დაიბადა“
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაერთიანებული სამეფოს რეგიონული პრობლემებიდან შოტლანდიასთან ერთად ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხიცაა მეტ-ნაკლებად ცნობილი. თუმცა, თავისუფლების მოყვარული კილტშემოსილი გუდასტვირიანი მთიელებისგან განსხვავებით, ირლანდიის თემა უბრალოდ „ხალხთა თვითგამორკვევას“ არ განეკუთვნება და ბევრად კომპლექსურია.
ბრიტანეთის პირველი კოლონია ირლანდია ინგლისელთა გავლენას საუკუნეების მანძილზე ებრძოდა, თუმცა 1801 წლის „გაერთიანების შესახებ აქტის“ საფუძველზე კუნძული დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შევიდა და ლონდონს საბოლოოდ დაექვემდებარა. თავისუფლების მოსაპოვებლად ირლანდიელებმა იარაღს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი კუნძულელთა 1916 წლის აჯანყებაა, რომელსაც პოეტმა უილიამ ბატლერ იეიტსმა „საშინელი სილამაზის დაბადება“ უწოდა.
წინა მცდელობების მსგავსად ირლანდიელებმა წარმატებას ვერც 1916 წელს მიაღწიეს, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის პირმშო მსოფლიო წესრიგის გათვალისწინებით (უფრო მეტად კი ამერიკელების გამოისობით), ლონდონმა კუნძულელებს თვითმმართველობის უფლება მიანიჭა. თუმცა, კუნძულის ჩრდილოეთში, ისტორიული ოლსტერის პროვინციაში კომპაქტურად დასახლებული პროტესტანტი ბრიტანელი კოლონიზატორების შთამომავლებმა დუბლინისადმი დაქვემდებარება არ ისურვეს და ცალკე თვითმმართველობა მოიპოვეს. ამბის ყველაზე საინტერესო და ტრაგიკული ნაწილი სწორედ აქ იწყება.
ლონდონის „ჩრდილოეთ ირლანდია“ – დუბლინის „ირლანდიის ჩრდილოეთი“
საბოლოოდ, 1922 წელს ქ. დუბლინში ირლანდიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ხოლო კუნძულის ჩრდილოეთმა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას პროტესტანტი ბრიტანელები წარმოადგენდნენ, ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა აირჩია. კუნძული საზღვარმა გაჰყო. მოგვიანებით, ჩრდილოეთ ირლანდიაში დარჩენილმა უმცირესობაში მყოფმა კათოლიკე ირლანდიელებმა დისკრიმინაციის გაპროტესტება დაიწყეს, რასაც „არეულობების“ სახელით ცნობილი სისხლიანი პერიოდი მოჰყვა.
1922 წლის საზღვარი 1992 წელს ევროკავშირის საერთო ბაზრის შექმნამ გააუქმა, რაც 1998 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის დადებული ბელფასტის „დიდი პარასკევის“ შეთანხმებითაც გამტკიცდა და კონფლიქტიც თითქოს დასრულდა. ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლა სწორედ ამ შეთანხმებით მოპოვებულ მშვიდობას უქმნის საფრთხეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, „ბრექსიტ-შეთანხმების“ თანახმად, ირლანდიის კუნძულის ნაცვლად ბრიტანეთ-ევროკავშირის „საბაჟო საზღვარმა“ ირლანდიის ზღვაში უნდა გაიაროს. აღნიშნული რეჟიმი სრული მხარდაჭერით სარგებლობს ნაციონალისტური ძალების – პარტია „შინ ფეინისა“ (ირლ.: „ჩვენ თვითონ“) და სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის მხრიდან, თუმცა იგი კატეგორიულად მიუღებელია ლონდონის მოკავშირე პოლიტიკური ძალებისთვის – დემოკრატიული უნიონისტური პარტიისა და ოლსტერის უნიონისტური პარტიისთვის.
ამრიგად, ჩრდილოეთ ირლანდიელი უნიონისტებისთვის „საზღვაო საზღვარი“ მიუღებელია იმდენად, რამდენადაც „სახმელეთო საზღვარი“ – ადგილობრივი ნაციონალისტებისთვის. შესაბამისად, უარეს შემთხვევაში მითოლოგიური იანუსივით ორსახოვანმა „შეთანხმების გარეშე ბრექსიტმა“ შესაძლოა ჩრდილოეთ ირლანდიის იდეოლოგიური მოწინააღმდეგეებიდან ვერცერთი დააკმაყოფილოს. ამასთან, რაც უფრო ხისტია „ბრექსიტი“, მით უფრო მძვინვარეა ირლანდიის „გამთლიანების“ მომხრე განწყობებიც.
„ღმერთო, დაიფარე მეფე“
„ბრექსიტის“ კონტექსტში ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხის მიმართ ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ქვეყანა ევროკავშირს ტოვებს მთლიანად, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით, თუმცა „დიდი პარასკევის“ შეთანხმების გათვალისწინებით. გზავნილი მტკიცეა, თუმცა ბუნდოვანი. ლონდონი ყოველგვარი სავაჭრო შეთახმების გარეშე „ბრექსიტისთვისაც“ არის მზად, რაც ირლანდიაში „ხისტი საზღვრის“ მოხაზვას თავისთავად გულისხმობს.
სწორედ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და „დიდი პარასკევის“ შეთანხმების შესრულებას შორის ერთი შეხედვით შეუძლებელი ბალანსის დაცვის მიზნით, გასული წლის ბოლოს ლონდონი და ბრიუსელი შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის საქონლის მიმოსვლის საბაჟო კონტროლი განხორციელდებოდა არა ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვარზე, არამედ – ბრიტანეთის საზღვაო პორტებში მოწყობილ სპეციალურ პუნქტებზე.
ევროკავშირთან გართულებული სავაჭრო მოლაპარაკებების გათვალისწინებით და ჩრდილოეთ ირლანდიელი უნიონისტების დასაშოშმინებლად, მისი უდიდებულესობის მთავრობამ „შიდა ბაზრის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც მართალია, შემოწმების პუნქტების შემოღებას თავისთავად არ გამორიცხავს, თუმცა უარს ამბობს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი სასაქონლო დეკლარაციების შემოღებასა და ბრიუსელთან შეთანხმებით საქონლის რისკის შეფასებაზე. აღნიშნული კანონპროექტის გამო, რომელიც მისი მიღების შემთხვევაში „მკაცრი საზღრის“ პერსპექტივას ამყარებს, ბრიუსელი ლონდონის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს, თუმცა მოდით კვლავ ირლანდიას დავუბრუნდეთ.
„თავისუფალი სახელმწიფოს“ გადმოსახედიდან
ირლანდიის რესპუბლიკისთვის ხისტი „ბრექსიტი“ უზარმაზარი გამოწვევაა. პირველ რიგში სიმწრით მოპოვებული მშვიდობა შეირყევა და ჩრდილოეთ ირლანდიაში პოტენციური დესტაბილიზაცია ვირუსივით მოედება დანარჩენ კუნძულს. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ევროკავშირის საერთო ბაზარში ირლანდიის როლი, რაც ამ ქვეყნის, როგორც ორგანიზაციის წევრის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას შეამცირებს.
თუ ბრიტანეთი ირლანდიის ზღვაში საბაჟო პუნქტებს არ მოაწყობს, „თავისუფალი სახელმწიფო“ დადგება არჩევანის წინაშე, საბაჟო კონტროლი ან ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარზე მოაწყოს, ან საკუთარ პორტებში. რესპუბლიკისთვის ორივე სცენარი ღამის კოშმარია, რადგან 300-მდე გამტარი პუნქტის მქონე სასაზღვრო ზოლის კონტროლის საშუალება ქვეყანას არ აქვს, ხოლო პორტებში საბაჟო კონტროლის შემოღება არსებითად შეაფერხებს ვაჭრობას დანარჩენ ევროკავშირთან.
ამრიგად, სკილასა და ქარიბდას შორის მოქცეულ დუბლინში იმედოვნებენ, რომ ლონდონი ბრიუსელის ზეწოლას ვერ გაუძლებს და „ბრექსიტ-შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს საბოლოოდ მაინც შეასრულებს.
„საშინელი საზღვრის“ დაბადება?
თუ ბრიტანეთი და ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების ტექსტზე ვერ შეჯერდებიან, რაც მოსალოდნელი სცენარია, „გარდამავალი პერიოდის“ დასრულების შემდგომ ლონდონსა და ბრიუსელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებით ვაჭრობა მოუწევთ, რაც ბრიტანეთ-ევროკავშირის საზღვარზე სრულფასოვან საბაჟო შემოწმებებსა და ტარიფებისა და კვოტების გამოყენებას გულისხმობს.
აღნიშნული რეჟიმი ორმხრივ ვაჭრობაში არსებით შეფერხებებს გამოიწვევს. ბრიტანულ საზოგადოებაში ტრაილერების კილომეტრიანი რიგების აპოკალიპტურ სურათებს უკვე ხატავენ და გარკვეულ პროდუქტზე დეფიციტის მოჩვენება მოსახლეობას შიშის ზარს უკვე სცემს.
თუმცა უარესი პერსპექტივაც არსებობს: ყველაფერს ზემოთჩამოთვლილს დამატებული ლონდონის მხრიდან „ბრექსიტ-შეთანხმების“ დარღვევა და საბაჟო კონტროლის დაწესებაზე უარი, რის გამოც საზღვრის პრობლემის სიმძიმე მთელი ძალით ევროკავშირს, პირველ რიგში კი ირლანდიას დააწვება.
რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ „საშინელი სილამაზის“ დაბადებიდან საუკუნის შემდგომ „საშინელი საზღვარი“ დაიბადება, საზღვარი, რომელიც ორი ათწლეულის მანძილზე შენარჩუნებულ მყიფე მშვიდობას შეუქმნის საფრთხეს.
ის ფაქტი, რომ გასული წლის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ტერორისტული თავდასხმების (აღკვეთილი და წარუმატებელი აქტების ჩათვლით) თითქმის ნახევარი ჩრდილოეთ ირლანდიაზე მოდის, ნათლად გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში კონფლიქტი დასრულებული ჯერ არ არის, ხოლო ბრიტანეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებების ჩაშლით ირლანდიის კუნძულზე სახელმწიფო საზღვრის ხელახალი გავლება ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ცალსახაა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში 1998 წელს დამდგარ „დიდ პარასკევს“ საბოლოო მშვიდობის სახით აღდგომა არ მოჰყოლია.