თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების საქმიანობა იზღუდება
ბოლო რამდენიმე დღეში, ქვეყანასა და განსაკუთრებით დედაქალაქში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში დამატებითი შეზღუდვები წესდება. კერძოდ, 16 ოქტომბრიდან რესტორნები და ყველა სხვა გასართობი დაწესებულები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ.
15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც „მოგვცემს იმ შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ“. მანვე, ხაზი გაუსვა, რომ „ეს საკმარისი არ არის“ და ვირუსთან ბრძოლაში „ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა“.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიიდან 8 თვის თავზე, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის „უფრო ეფექტური წამალი, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანაა“ ჯერ ვერავინ მოიგონა, შესაბამისად მან მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„უკიდურესი რეკომენდაცია არის ეპიდემიოლოგების, რომ პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც“, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ ეს უკანასკნელი „მინიმუმ შემდეგი ერთი წელი იქნება ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი“. პრემიერმა საჯარო და კერძო სექტორს, შესაძლებლობის შემთხვევაში მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის მისაღებად და მათი ადეკვატური მკურნალობისთვის მზად არის, „არანაირი დეფიციტი ჯანდაცვის სისტემაში დღეს არ არსებობს“ და ის „ამ დარტყმას გაუძლებს“. მანვე დასძინა, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არის „უკიდურესად მიუღებელი და ამორალური“.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის კონტექსტში, გიორგი გახარიამ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „დღეის მდგომარეობით, არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს“.
პრემიერმა ვირუსთან ბრძოლის პროცესში ქვეყნისთვის მინიმალური ეკონომიკური დანაკარგების მიღების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და აღდგენისთვის ეკონომიკური ცხოვრების „გამოცოცხლებაა“ აუცილებელი.
ამ კონტექსტში მან ნოემბრის თვიდან „ეტაპობრივად და ფრთხილად“ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დაასახელა და თქვა, რომ ამის პირველი ნაბიჯი ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება იქნება. „[აღნიშნული], ეკონომიკას მისცემს უფრო მეტ ჟანგბადს“, – აღნიშნა პრემიერმა და დაამატა, რომ ნოემბრის თვეში ქუთაისიდან და თბილისიდან პირდაპირი ფრენები ევროპის სხვადასხვა მიმართულებითაც ეტაპობრივად აღდგენა.
ბოლოს, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „არანაირი მძიმე, სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში არ იგეგმება [და] ძირითადი სტრატეგია არის [მხოლოდ] წერტილოვანი შეზღუდვები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)