დაიღუპა ახალგორელი პაციენტი, რომელიც ოკუპირებულმა ცხინვალმა თბილისისკენ არ გამოუშვა
ახალგორის მუნიციპალიტეტის დევნილობაში მყოფმა გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ 14 ოქტომბერს ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაიღუპა ახალგორის მკვიდრი ვერა კოტოლოვა, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ხელმძღვანელობამ დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ გამოშვებაზე უარი განუცხადა.
ქართული მედიის ინფორმაციით, ეთნიკურად ოსი ვერა კოტოლოვა, რომელიც ახალგორის სკოლაში რუსულ ენას ასწავლიდა, პირველად სიცხით ახალგორის საავადმყოფომ მიიღო. ცნობების თანახმად, ახალგორელმა ექიმებმა, რომელთაც დიაგნოზი ვერ დასვეს, პაციენტი ცხინვალში გადაამისამართეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალელმა ექიმებმა ივარაუდეს, რომ კოტოლოვას ინსულტი ჰქონდა, თუმცა სახლში მაინც გაწერეს, სადაც იგი გარდაიცვალა.
თინიკაშვილის თქმით, კოტოლოვას ოჯახს პაციენტის დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანის სურვილი ჰქონდა, რისი უფლებაც მას ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობამ არ მისცა.
ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ოძისის გამშვები პუნქტი, რომელიც ახალგორელებს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებთ, 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ჩაკეტილია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მაისში გამოქვეყნებული ცნობით, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო მკურნალობისთვის გადმოსვლაზე ცხინვალის უარის გამო 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ოკუპირებულ რეგიონში ჯამში 14 პაციენტი დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ოკუპირებულ ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ახალგორელი პაციენტი გზაში გარდაიცვალა
- ცხინვალში ახალგორის მუნიციპალიტეტიდან გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)