ინტერვიუ ჯილიან სტირკთან, საქართველოში ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან
31 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვლილი საარჩევნო სისტემით ტარდება. ზაფხულში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომდევნო მოწვევის პარლამენტი პროპორციული-პარტიული სიით არჩეული 120 დეპუტატითა (77-ის ნაცვლად) და 30 მაჟორიტარით (73-ის ნაცვლად) დაკომპლექტდება.
წინასაარჩევნო პროცესებზე სასაუბროდ ეუთო/ODIHR–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს მივმართეთ.
ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 25 სექტემბერს დაიწყო მუშაობა. გთხოვთ, მოგვიყევით, როგორ და რა დონეზე დააკვირდება თქვენი მისია ოქტომბრის არჩევნებს? ამ პროცესში, რას აქცევს თქვენი მისია განსაკუთრებულ ყურადღებას?
ჩვენს მისიას ჰყავს 13 ექსპერტი, რომელიც თბილისიდან მუშაობს, ასევე, 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან გადანაწილებულნი. ჩვენი მისია აკვირდება როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ დონეზე მიმდინარე პროცესს. თბილისში მომუშავე გუნდში შედიან ასევე პოლიტიკური, საარჩევნო, იურიდიულ საკითხთა და მედიის ანალიტიკოსები, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და მე. ჩვენს მისიაში მუშაობს ასევე დაახლოებით 30 ქართველი თანამშრომელი.
ვაკვირდებით ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია; ზაფხულში საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების შესრულება, ზოგადად საარჩევნო კამპანია და კამპანიის ფინანსები. თვალს ვადევნებთ ასევე საარჩევნო კოდექსის დარღვევის სავარაუდო შემთხვევებს ან წარმოშობილ დავებს. ასევე ვაკვირდებით მედიის მიერ პროცესების გაშუქებას.
ჩვენი მისია ხვდება ოფიციალურ პირებს, უკვე შევხვდით გენერალურ აუდიტორს, გენერალურ პროკურორს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, ასევე საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. პრემიერ მინისტრთანაც მქონდა სატელეფონო საუბარი. შევხვდით საკმაოდ ბევრ პოლიტიკურ პარტიას – უკვე დაახლოებით 20 პარტიას შევხვდით და მზად ვართ შევხვდეთ ყველას, ვისაც ჩვენი ნახვა სურს. ვხვდებით სამოქალაქო საზოგადოებასაც. საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა და ჩვენც არაერთი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელს ვუსმენთ.
უკვე დაახლოებით სამი კვირაა აქ ვართ და საარჩევნო კამპანიის პერიოდის შესახებ სრული სურათის შექმნას ახლა ვიწყებთ. ამასთან, როგორც აღვნიშნე, გვყავს გრძელვადიანი დამკვირვებლები რეგიონებში, რომლებიც რეგიონალურ დონეზე აკეთებენ იმავეს, რასაც ჩვენ აქ – თბილისში.
სულ რამდენიმე დღის წინ ODIHR–მა საქართველოს მისიისთვის მოკლევადიანი სადამკვირვებლო გეგმის გაუქმების შესახებ განაცხადა. რა გავლენა ექნება არჩევნების დღისათვის 350 მოკლევადიანი დამკვირვებლით ნაკლების ყოლას თქვენი მისიის ეფექტურობაზე?
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ოდირის მისია ერთადერთი მისია არაა, რომელსაც მოკლევადიანი დამკვირვებლები არ ეყოლება. იგივე ვითარებაა ეუთოს სხვა წევრი ქვეყნების არჩევნების შემთხვევაშიც. შინაარსიანი დაკვირვებისთვის საჭირო 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის მობილიზება ვერ შევძელით. რა თქმა უნდა, ამაში წვლილი პანდემიისას მოგზაურობასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა შეზღუდვამაც შეიტანა.
თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი მისიისთვის – ვაგრძელებთ იმ სამუშაოს, რისთვისაც აქ ჩამოვედით. წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვების თვალსაზრისით, მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოუსვლელობა ნამდვილად არაფერს არ ცვლის. ჩვენ გვყავს გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც ყოველდღიურად აღრიცხავენ იმას, რასაც აკვირდებიან. ისინი ხვდებიან ადგილობრივ ხელისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, ადგილობრივ პოლიტიკოსებს, ა.შ. და ინიშნავენ შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღის ყოვლისმომცველ დაკვირვებას ვერ შევძლებთ, შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებს მაინც მოვინახულებთ.
ეს ნიშნავს, რომ დაკვირვებისას, მონაცემების სისტემურ ანალიზს ვერ შევძლებთ, მაგრამ არჩევნების დღეს მაინც მივმართავთ თვისებრივ და არა – რაოდენობრივ დაკვირვებას.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოკლევადიანი დამკვირვებლების ნაკლებობა ჩვენს დაკვირვებას ფუნდამენტურად არ ცვლის. ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობა არჩევნებამდე პერიოდში და არჩევნების შემდგომ პერიოდში პროცესზე საერთო გავლენის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნების მეორე დღეს წინასწარ განცხადებას გამოვაქვეყნებთ, რომელიც ჩვენი დაკვირვების შედეგებს ასახავს. შემდეგ საბოლოო ანგარიში გამოვა, რომელიც არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში იქნება მზად.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის საკმაოდ რთული გამოდგა. ODIHR–მა მაშინდელ საბოლოო ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებისთვის სხვადასხვა რეკომენდაცია შეიმუშავა, მათ შორის, საარჩევნო კომისიებში დაბალანსებული წარმომადგენლობის, საჩივრის პროცედურის შეცვლისა და კამპანიის დაფინანსებაზე ეფექტური ზედამხედველობის შესახებ. რამდენად აკმაყოფილებს საქართველო ამ რეკომენდაციებს მომავალი არჩევნებისათვის?
ვფიქრობ, თქვენ აქ ოდირის როლის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეთ. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვართ აქ მხოლოდ არჩევნების დღეს მიმდინარე მოვლენებზე დასაკვირვებლად. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავაკვირდეთ საარჩევნო კამპანიის პერიოდს, წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ხშირად თითქმის ისევე მნიშვნელოვანია, როგორიც – არჩევნების დღე. ჩვენი როლი არჩევნების დასრულებით არ მთავრდება. ჩვენ ვამზადებთ საბოლოო ანგარიშს, რომელიც საარჩევნო პროცედურის შესაძლო გაუმჯობესებისთვის მთელ რიგ რეკომენდაციებს მოიცავს. მალე გამოვა შუალედური ანგარიში, რომელშიც, ერთ-ერთი საკითხი, რასაც ყურადღებას ვამახვილებთ ისაა, თუ რამდენად მიიღო ხელისუფლებამ ODIHR–ის წინა რეკომენდაციები.
რა თქმა უნდა, თითოეულ არჩევნებს თავად ამ არჩევნების პრიზმაში ვუყურებთ, თუმცა ყურადღებას იმასაც მივაქცევთ, წინა არჩევნების შემდეგ ODIHR-ის შემუშავებული რეკომენდაციები რამდენად იქნა მიღებული.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი რეკომენდაცია გაზაფხულსა და ზაფხულზე საარჩევნო ცვლილებებისას იქნა მიღებული, თუმცა განსახილველი რჩება სხვა [რეკომენდაციები]; ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ სურთ ამ რეკომენდაციების შესრულება.
რა ძირითად გამოწვევებზე და გაუმჯობესებაზე საუბრობენ თქვენთან შეხვედრებისას? რა აწუხებთ ყველაზე მეტად იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომელთაც თქვენ ხვდებით წინასაარჩევნო კამპანიისას?
მე ვიტყოდი, რომ ყველა მხარე ცოტა არ იყოს განსხვავებულად უყურებს სიტუაციას. ბევრ მათგანს სურს თავის პოლიტიკურ პლატფორმებსა და იმ საკითხებზე გვესაუბროს, რომლებსაც არჩევნების დროს ყურადღებას აქცევენ. ზოგიერთ მათგანს კი კითხვები აქვს საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობაზე. მოვისმინეთ ბრალდებები დაშინებისა და ძალადობის შესახებ.
ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები წლებია აღნიშნავენ, რომ ქართული მედია პოლარიზებულია, განსაკუთრებით არჩევნების წინ. როგორ აღწერდით საქართველოს მედიაგარემოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ?
ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მედია გარკვეული დოზით პოლარიზებულია. არამგონია, ეს ვინმესთვის მოულოდნელი იყოს. ყოველთვის ვიმედოვნებთ ხოლმე, რომ არჩევნების დროს ჯანსაღი დებატი მიმდინარეობდეს, თუმცა პოლარიზაციის ხარისხი გავლენას ახდენს, თუ რა ინფორმაცია მიდის საზოგადოებამდე. ვფიქრობ, ეს არ არის მაინდამაინც საქართველოსათვის დამახასიათებელი რამ.
რამდენიმე თვის წინ, სავარაუდოდ საარჩევნო პირადი მონაცემების გაჟონვის მოწმე გავხდით. თუმცა, ცესკომ უარყო, რომ ინფორმაციამ საარჩევნო ადმინისტრაციიდან მოიპარეს. არჩევნებში უცხო სახელმწიფოთა ჩარევის თემა მთელს მსოფლიოშია აქტუალური. თქვენი აზრით, რამდენად მზად არის საქართველო არჩევნებში გარე ძალების ჩარევას წინააღმდეგობა გაუწიოს? რამდენადაა მზად საამისოდ საარჩევნო ადმინისტრაცია?
არ იქნებოდა სამართლიანი ამ მხრივ საქართველოს ზოგად მზადყოფნაზე კომენტარი გამეკეთებინა, იმდენად, რამდენადაც მხოლოდ სამი კვირაა, რაც საქართველოში ჩამოვედი. თუმცა ის კი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან საუბრისას ხელისუფლებამ წამოწია ეს საკითხი, როგორც პრობლემა, რომელიც კარგად ესმით. ეს არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვისაა პრობლემა. სიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ [საქართველოში] კარგად იცნობენ კიბერ უსაფრთხოების გამოწვევებს.
სადამკვირვებლო მისიები წლებია არჩევნებში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების – ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე ლგბტ თემის – ჩართულობის საკითხზე საუბრობენ. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ODIHR–ისთვის და პირადად ჩემთვისაც, იქიდან გამომდინარე, რომ ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების საკითხებზე ჩემს ქვეყანაშიც მიმუშავია. ჩვენ ყურადღება მივაქციეთ გადაწყვეტილებას, რომ ყოველი ოთხი კანდიდატიდან ერთი უნდა იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი და როგორც ვიცი, ახლახან სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს რეალურად მხოლოდ ქალებს ეხებათ და არა მამაკაცებს. ჩვენ ვხედავთ ამ მექანიზმს, როგორც დადებით ნაბიჯს, რომ წახალისდეს მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში. ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას რაც შეეხება, ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ. ჩვენ გვყავს ექსპერტი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, რომელიც ჩვენს მისიას შემდეგ კვირას შეუერთდება და ის კონკრეტულად ამ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. მოხარული ვარ, რომ თქვენ ეს საკითხი წამოწიეთ, რადგანაც მომდევნო კვირაში არაერთი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რომელიც ქალების, ეროვნული უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა ჯგუფების საკითხზე მუშაობით არის დაკავებული. ეს ნამდვილად იქნება საკითხი, რომელსაც ჩვენ არჩევნების კონტექსტში ყურადღებას მივაქცევთ.
არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება. რას ურჩევდით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს?
ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ჩვენს აქ ყოფნასა და ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს შეუძლია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს.
ამ მხრივ, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ, რომ მოიქცნენ როგორც საერთაშორისო ვალდებულებებისა და მოლოდინების, ისე – ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობა ყოველთვის იზრდება და ეს მხოლოდ საქართველოს არ ახასიათებს. თუმცა, კვლავაც შევახსენებდი ყველას, რომ აქ საარჩევნო პროცესის სიჯანსაღე დევს სასწორზე. ყველა დაინტერესებულ მხარეს ვურჩევდით, თავისი მოქმედებით დემოკრატიული პროცესის განამტკიცებას შეუწყოს ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)